ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ რეკომენდაციით გამოდის

ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი, მარია გაბრიელი, რეკომენდაციას აძლევს სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების კომიტეტს მხარი დაუჭიროს მის მიერ წარმოდგენილ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საკანონმდებლო ინიციატივის ანგარიშის პროექტს.
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების კომიტეტის მომხსენებელმა, ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, მარია გაბრიელმა, გამოაქვეყნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საკანონმდებლო ინიციატივის ანგარიშის პროექტი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი პირველივე მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას, ევროკომისიის წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.
ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველომ შეასრულა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება და მომხსენებელი ძალზედ პოზიტიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ, ევროკომისიის დასკვნის შემდეგაც, შეიმუშავა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და გააგრძელა დაწყებული რეფორმები იმ სფეროებში, სადაც უკვე მიღწეული იყო საკმარისი პროგრესი.
გარდა ამისა, ანგარიშის პროექტში ნათქვამია, რომ საქართველო ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.
ხაზგასმულია, ასევე, რომ ასოცირების შეთანხმების დადებამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სრულიად ახალ დონეზე აიყვანა, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გამყარების გზით. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ კი მნიშვნელოვნად გაზარდა ევროკავშირის, როგორც საქართველოს კომერციული პარტნიორის როლი. უვიზო მიმოსვლა განსაკუთრებით შეუწყობს ხელს ხალხთაშორის კონტაქტებს და გააძლიერებს ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ურთიერთობებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური და ინსტიტუციური მდგომარეობით, საქართველოს სტაბილურ დემოკრატიად განვითარების პროცესს ხელი შეუწყო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებამ. საქართველომ განახორციელა ღრმა და რთული რეფორმები, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიცაა მართლმსაჯულება და საშინაო საქმეები. ვიზალიბერალიზაცია კი ხელს შეუწყობს ღია, დაბალანსებულ და კონსტრუქციულ დიალოგს სხვადასხვა მიმდინარე რეფორმების კუთხით დამატებითი ნაბიჯების და ძალისხმევის განსახორციელებლად.
გაბრიელი აღნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს მნიშვნელოვანი პარტნიორი ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ტრეფიკინგის, ტერორიზმისა და კორუფციის, წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ თვალსაზრისით, იგი მიესალმა საქართველოს მთავრობის გაცხადებულ ინტერესს ევროპოლთან თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე წარმოებულ მოლაპარაკებებს. დასასრულს მომხსენებელი აღნიშნავს, რომ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიღებით, ევროპარლამენტი დაადასტურებს იმ პრინციპისადმი ერთგულებას, რომ თითოეულ ქვეყანას ყველა შესაბამისი კრიტერიუმის წარმატებით შესრულების შემდეგ შეუძლია ისარგებლოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები