მანანა კობახიძე ჯოზეფ დოლის განცხადებაზე: სახეზეა საქართველოს წინააღმდეგ ძალიან საეჭვო თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ამ პიროვნებას შორის

“ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის” ჯოზეფ დოლის მიერ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე გამოეხმაურა და ჯოზეფ დოლის “ნაციონალურ მოძრაობასთან” საეჭვო თანამშრომლობაში დასდო ბრალი.
მისი თქმით, ჯოზეფ დოლის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება, საპარლამენტო ასამბლეის პოზიციას არ ნიშნავს.
“დეპუტატი საკუთარ „ტვიტერზე“ რაღაც განცხადებას თუ აკეთებს, ეს არ ნიშნავს საპარლამენტო ასამბლეის პოზიციას. ეს, თუ არ ვცდები, ის ადამიანია, რომელიც ევროპარლამენტს მოუწოდებდა, არ მიეღოთ ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებამდე. საზოგადოებამ აღიქვა, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიწოდებული ტექსტი. შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუხდა ბოდიშის მოხდა, რომ საზოგადოების რისხვა არ დასტყდომოდა თავს. სახეზეა საქართველოს წინააღმდეგ ძალიან საეჭვო თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ამ პიროვნებას შორის“, – აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ “ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი საქართველოს მთავრობას ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჯოზეფ დოლი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
“ევროპის სახალხო პარტია სთხოვს საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის მერაბიშვილი, შემოდგომისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე”, – წერს დოლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები