ფედერიკა მოგერინი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას მხარი ერთხმად დაუჭირეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ დაადასტურა, რომ საქართველომ ყველა პირობა უდავოდ შეასრულა.
„ჩვენ განვიხილეთ საქართველოსთვის ვიზალბერალიზაციის დაწესების საკითხი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის ჭრილში. ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ ნათლად დაადასტურა, რომ უდავოდ, საქართველომ შეასრულა ყველა პირობა“, – აღნიშნა მოგერინიმ.
მისი განმარტებით, ნიდერლანდებმა, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი უნდა შეიტანოს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) უახლოესი სხდომის დღის წესრიგში.
“ახლა თავმჯდომარე ქვეყანამ –  ნიდერლანდებმა ეს საკითხი ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა სხდომის დღის წესრიგში უნდა შეიტანოს. ყველა წევრმა სახელმწიფომ აღიარა, რომ საქართველომ შეასრულა შესანიშნავი სამუშაო და იმსახურებს ამის აღიარებას, რაც შეიძლება მალე”, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
ფედერიკა მოგერინის შეფასებით, ყველა წევრმა სახელმწიფომ დაადასტურა, რომ საქართველომ კარგი სამუშაო შეასრულა, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა დაფასდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები