ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე დოკუმენტს ამზადებს

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე დოკუმენტს ამზადებს, რომელიც მონიტორინგის ჯგუფის საქართველოში ვიზიტის მასალებს ეყრდნობა. დოკუმენტი ამ დროისთვის დახურულია და ვარაუდობენ, რომ კვირის ბოლოს გასაჯაროვდება.
მონიტორინგის კომიტეტის წევრის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, დოკუმენტში საკმაოდ პოზიტიურად არის შეფასებული ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ხორციელდება.
“რაც მთავარია, იმ თემებზე, რომელზეც აქამდე აპელირებდნენ ჩვენი ოპონენტები, განსაკუთრებით ეს ეხებოდა მედიის საკითხს, „რუსთავი 2“-ის, თითქოსდა, პოლიტიკურ დევნაზე, დოკუმენტში საუბარი არ არის”,-აღნიშნა კობახიძემ.
მანანა კობახიძის ინფორმაციით, შუალედურ საინფორმაციო დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით.
“ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ის შენიშვნა, რომელიც პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინა, არის გაზიარებული. ეს პოზიტიურად არის შეფასებული. კომიტეტის სხდომაზე ჩვენ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით კოლეგებს ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომა ოთხშაბათს გაიმართება. სწორედ კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას, გასაჯაროვდეს თუ არა დოკუმენტი.
წყარო: „2030“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები