პოლონეთის სამხედრო ატაშემ „ანაკონდა 2016“-ში ქართული ასეულის მონაწილეობაზე კომენტარი გააკეთა

საერთაშორისო სამხედრო სწავლება „ანაკონდა 2016“-ში ქართული ასეულის მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოში პოლონეთის სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა მარიუშ გრჟიბოვსკიმ, რომელსაც, მისივე თქმით, 4 ივნისს, 16:40 საათზე სატელეფონო საუბარი ჰქონდა გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილესთან, პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძესთან.
„პოლკოვნიკმა ბეგოიძემ ამიხსნა, რომ ქართულ დანაყოფში აღმოჩენილი ჩუტყვავილას ორი შემთხვევის გამო, ასეული ვერ შეძლებდა სწავლება „ანაკონდა 2016“-ში მონაწილეობას. რადგან ინკუბაციის პერიოდი კვლავ აქტიური იყო, ქართულმა მხარემ გადაწყვიტა, უარი ეთქვა მიმდინარე სწავლებაში მონაწილეობაზე. პოლკოვნიკმა ასევე მითხრა, რომ ეს ინფორმაცია პოლონეთს დიპლომატიური არხებითაც გადაეგზავნა. კონკრეტულად კი, საქართველოს სამხედრო ატაშემ პოლონეთში, პოლკოვნიკმა ზურაბ ყიფიანმა მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია ჩვენს თავდაცვის სამინისტროს.
როგორც კი აღნიშნული ამბავი ჩემამდე მოვიდა, დაუყოვნებლივ ჩავაყენე საქმის კურსში პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა შესაბამის პასუხისმგებელ პირებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის 4 ივნისს, 17:00 საათისთვის, პოლონეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიღებული ჰქონდა პოლონეთში საქართველოს სამხედრო ატაშისგან. ჩემი აზრით, ქართულმა მხარემ ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა პრობლემის შესახებ სწავლების ორგანიზატორების ინფორმირებისთვის. ასევე მინდა დავამატო, რომ 2016 წლის 10 ივნისს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პოლონეთის ოპერაციული სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ მარეკ ტომაზეცკის ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც იმ მიზეზებს ხსნიდა, თუ რატომ ვერ მიიღებდა სწავლებაში ქართული მხარე მონაწილეობას. მინდა ვთქვა, რომ მხარეები სრულ კოორდინაციაში იყვნენ ერთმანეთთან“, – განაცხადა პოლკოვნიკმა მარიუშ გრჟიბოვსკიმ.
2016 წლის 6 ივნისს პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება – “ANAKONDA 2016”-ში, ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად, მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს. თუმცა, ასეულის გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქვეით ასეულში გამოვლინდა ჩუტყვავილით დაავადების ორი შემთხვევა. ვირუსი დანაყოფში ერთ-ერთმა ჯარისკაცმა გაავრცელა, რომელსაც დაავადება ოჯახის მცირეწლოვანი წევრისგან გადაედო. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში შედგა კონსილიუმი, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ IV მექანიზებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქმა ქვეითმა ასეულმა მიმდინარე წელს დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება – “ANAKONDA-16”-ში არ მიიღოს მონაწილეობა, რათა თავიდან იყოს აცილებული წვრთნაში მონაწილე სამხედროებში ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები