„ლოთი ქობალია – მკვლელი სარდალი, თამარ ლომიშვილი – ცრუ ჟურნალისტი“

ჟურნალისტი თამარ ბოლქვაძე “პოსტსკრიპტუმში” გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც „ალიას“ ყოფილი ჟურნალისტი თამარ ლომიშვილი ლოთი ქობალიას მხრიდან მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობდა. „რუსთავი 2-ის“ სიუჟეტში ლომიშვილი „სუსტ ქალად“ იყო მოხსენიებული, რამაც დავით ბოლქვაძის დის პროტესტი გამოიწვია. „პოსტკრიპტუმის“ ჟურნალისტის თეა ადეიშვილის სიუჟეტში ლოთი ქობალიას ინტერვიუც გავიდა. თამარ ბოლქვაძე თეა ადეიშვილს  მიმართავს და ეკითხება, თუ რატომ არ გაუჩნდა ქობალიასთან შეკითხვა დათო ბოლქვაძის მკვლელობასთან დაკავშირებით.
ხობში, სამოქალაქო დაპირისპირების დროს დახვრეტილი დავით ბოლქვაძის და ლოთი ქობალიას მისი ძმის მკვლელად, ჟურნალისტ ლომიშვილში კი დამნაშავედ მოიხსენიებს.
თამარ ბოლქვაძის ინფორმაციით, თამარ ლომიშვილმა თავად აღიარა საგაზეთო პუბლიკაციაშიც და “რუსთავი 2“-ის ეთერშიც, რომ ის ცრუობდა და ჟურნალისტის ნიღაბს ამოფარებულს წლების მანძილზე შეგნებულად შეჰყავდა შეცდომაში საზოგადოება.

“პოსტსკრიპტუმში” გავიდა სიუჟეტი ,,სუსტი ქალი“ – არა და, ლომიშვილი სუსტი კი არა „დამნაშავე ქალია“, რომელმაც თავად აღიარა, საგაზეთო პუბლიკაციაშიც და “რუსთავი 2“-ის ეთერშიც, რომ ის ცრუობდა და ჟურნალისტის ნიღაბს ამოფარებულს წლების მანძილზე შეგნებულად შეჰყავდა შეცდომაში საზოგადოება, დიდი „ამაგი“ დასდო ქობალიას მისი დანაშაულის დაფარვაში.

დათო ბოლქვაძის ოჯახს კი მთელი ოცი წელი არა მხოლოდ მკვლელთან გამკლავება, თამილას სიცრუის მოგერიებაც უწევდა! „პოსტსკრიპტუმში“ თამილა უკვე მსხვერპლის როლში მოგვევლინა, ქობალიას მსხვერპლებს კი წლების მანძილზე აბუჩად იგდებდა და გაუგონარ ცილისწამებებს ავრცელებდა მისი საყვარლის „გასათეთრებლად“. რა „მშვენიერი“ ტანდემია – მკვლელი სარდალი და ცრუ ჟურნალისტი!!! ამ სიუჟეტის ავტორს, თეა ადეიშვილს დღეს დავურეკე, პასუხად მივიღე, – მეგონა, მოგეწონებოდათო… რა უნდა მომწონებოდა, დამნაშავე და ცრუ ჟურნალისტის გულშემატკივრობა? თუ ქობალიას მიერ დათო ბოლქვაძის ხსენებაზე თქვენი პასუხი – „ის სხვა საქმეა“!.. არ გიფიქრიათ, რომ ამ სიუჟეტს დათო ბოლქვაძის ოჯახიც უყურებდა?

ქალბატონო თეა, აბა რა უფრო იყო თქვენი, როგორც ჟურნალისტის საქმე, ორი ნაძირალას სალოგინე ფოტოსესია და „ბინძური ჟურნალისტის“ მიერ ამოყვანილი ყველი?! სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვედრილა თურმე, თამილა ლომიშვილზე ძალადობის ამბავი. თუ თქვენი თემა, ზოგადად, ძალადობა იყო და პროფესიული ნიშნით, ჟურნალისტი ქალი შეარჩიეთ, მაშინ წინ გეჯდათ არა მხოლოდ ქალზე მოძალადე, არამედ, ჟურნალისტის მკვლელი!!! მაგრამ, ეს „სხვა თემა“ აღმოჩნდა… ვინ არის „ისტორიული ფიგურა“, ლოთი ქობალია? (ასე მოიხსენებს ქობალიას სიუჟეტში თეა ადეიშვილი…). აფხაზეთში მებრძოლი მეგრელების სახლკარის გადამწვავი, ჭუბერის ტრაგედიის ავტორი, ზვიად გამსახურდიას მოღალატე (ექსპრეზიდენტის ოჯახს ჰკითხეთ, თუ არ გჯერათ!!!), ჟურნალისტის და მასთან ერთად 5 სამხედრო ტყვეს დამხვრეტი, თურმე, ისტორიული ფიგურაც ყოფილა… შემთხვევით, ღვაწლმოსილიც ხომ არ ვუწოდოთ? ისე კი ბევრი „იღვაწა“ ქართველების ხოცვაში.

რაც შეეხება „ქეისს“, საკმაოდ დიდტანიანი ქეისი სასამართლოში დევს, სადაც ქობალია დამნაშავედ აღიარეს ჟურნალისტის, დათო ბოლქვაძის მკვლელობაში. ყველაზე დიდი „ქეისი“ კი ის არის, ყოფილმა პრეზიდენტმა მკვლელი რომ შეიწყალა!!! ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, მართლა გაურკვეველი დარჩა, რა იყო თქვენი სიუჟეტის მიზანი, სახალხო დამცველის ქეისიდან ნებიმიერი თემის ამოღება და სიუჟეტად ქცევა შეიძლება, მაგრამ, როდესაც რესპონდენტი ამბობს – “ყველას ვუმტკიცებდი, რომ ეს კაცი არ არის ჯალათი, არ არის მხეცი, ეს კაცი არ არის ის, ვინც ჩვენ გვეგონა, მე უნდა მეთქვა სიმართლე!“ თქვენ კი არ გაგიჩნდათ კითხვა, რა იყო ლომიშვილის სიმართლე, სწორედ ამან გამოიწვია ჩემი ოჯახის გაკვირვება, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დათო ბოლქვაძის ოჯახი ორ მკვლელს რომ უყურებდა და უსმენდა. ქალბატონო თეა, თქვენს სიუჟეტში წერტილი იქ დასვით, სადაც ფრჩხილი უნდა გაგეხსნათ, როდესაც დამნაშავე ლომიშვილი აღიარებით ჩვენებას გაძლევდათ, იქნებ, ლომიშვილმა გითხრათ კიდეც, მაგრამ ეს ან შავ მასალაში დარჩა ან იქნებ, სულ სხვა „ქეისში“ მოხვდა?…

ამ სიუჟეტიდან დასკვნა – თურმე, ქობალიას ბინძური „საქმეების“ თანამონაწილე „ჟურნალისტი“ უნდა შეგვეცოდოს… სხვათა შორის, ეს ის ლომიშვილია, რომელიც ქობალიას აღიარებით, იგორ გიორგაძის აგენტიც ყოფილა… სად იწყება და სად მთავრდება ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტიკა? როდის უნდა შეწყვიტონ ჟურნალისტებმა დამნაშავეების პოპულარიზაცია?

P.S. ეს წერილი მხოლოდ იმ ფაქტმა დამაწერინა, რომ „პოსტსკრიპტუმში“ ქობალიას მიერ დამცინავ და შეურაცხმყოფელ კონტექსტში იქნა მოხსენებული მის მიერ მოკლული დათო ბოლქვაძე და მისი ოჯახი. ვეკითხები ჟურნალისტი ჟურნალისტს, თუ დათო ბოლქვაძის თემა „სხვა საქმეა“, რატომ დარჩა თქვენს სიუჟეტში, და თუ შეგნებულად არ ამოჭერით, რატომ არ გაგიჩნდათ ლეგიტიმური კითხვა სასამართლოს „ქეისიდან“ ჟურნალისტის მკვლელთან?“ – წერს თამარ ბოლქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ოპერატორი დავით ბოლქვაძე 1993 წლის 28 ოქტომბერს ხობში, სამოქალაქო დაპირისპირების დროს დახვრიტეს.
ვახტანგ (ლოთი) ქობალია 1993 წელს დააპატიმრეს და მას ბრალად ედებოდა სამშობლოს ღალატი, ბანდიტიზმი, უკანონო ბანდფორმირების შექმნა, 6 პირის განზრახ მკვლელობა. 1996 წელს უზენაესმა სასამართლომ მას სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 1997 წლის ბრძანებულების საფუძველზე, მას ბრალდება 20-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი ქობალია 2004 წელს სამოქალაქო შერიგების აქტის საფუძველზე შეიწყალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები