სასამართლო დარბაზში მაგდა პაპიძის დედამთილი დაიკითხა

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეზე სასამართლო სხდომაზე, გარდაცვლილის დედა – დარეჯან მინდიკაური დაჰკითხეს. ბრალდებულის დედამთილმა რძალთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე დარეჯან მინდიკაურმა დეტალურად გაიხსენა მკვლელობის ღამე – 2015 წლის 19 დეკემბერი.
გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, ომარ ქაფიაშვილს არ ჰქონდა პათოლოგიური სიმთვრალე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ის საერთოდ არ სვამდა. რაც შეეხება ქაფიაშვილისა და პაპიძის ურთიერთობას, როგორც მინდიკაურმა აღნიშნა, მათ ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. თუმცა დედამთილი მაგდა პაპიძეს „ხასიათის გოგოს“ უწოდებს.
„6 წლის მანძილზე არ გვიჩხუბია და არ დაგვიჭამია ერთმანეთი, თუმცა მაგდა ახლოს არ მიშვებდა, როდესაც სითბოს ვავლენდი მისდამი, თავისი ხასიათის გოგოა. როცა უნდოდა, დაგელაპარაკებოდა, როცა უნდოდა – არა. ახლოს არ გიშვებდა. ჩვენს შორის გაჩნდა ბარიერი და იცავდა დისტანციას. ბოლო პერიოდში პრეტენზიებს გამოთქვამდა ჩემთან მეზობლების შემოსვლაზეც“, – განაცხადა პროცესზე დარეჯან მინდიკაურმა.
ომარ ქაფიაშვილის დედამ მაგდა პაპიძის სხვადასხვა სამსახურში მუშაობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყველა სამსახურში, სადაც ის მუშაობდა, კონკრეტული შემთხვევები ხდებოდა. კერძოდ, ფულის ან რაიმე სხვა ნივთების დაკარგვა.
რაც შეეხება მკვლელობის დღეს, 2015 წლის 19 დეკემბერს, დარეჯან მინდიკაურის ინფორმაციით, მაგდა პაპიძე იმ დღეს არ მუშაობდა. ომარ ქაფიაშვილის დედის ინფორმაციით, დაახლოებით, 17.00 საათზე, როდესაც ის მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის ოთახში შევიდა, მისი შვილი დივანზე იყო წამოწოლილი და დაღლილი სახე ჰქონდა.
„ვკითხე, რამე ხომ არ მოხდა-მეთქი და მითხრა, დაღლილი ვარ, წამოვწვები და დავისვენებო. ამასობაში მაგდაც დაბრუნდა. ამის შემდეგ მე ჩემს ოთახში გავედი. 21.30 საათზე კი მაგდა შემოვიდა ჩემთან და შემოიტანა გრაფინი. ვკითხე, პატარა სად იყო, იმიტომ, რომ არ არსებობს, ოთახიდან მაგდა გამოვიდეს და მას თორნიკე არ გამოჰყოლოდა. მიპასუხა, რომ ომარმა თორნიკე ხაჭაპურის საჭმელად წაიყვანა. ძალიან გამიკვირდა, რადგან გვიანი იყო და ასეთ დროს ომარი არსად წაიყვანდა ბავშვს. ვუთხარი, რომ დაერეკა მათთვის, თუმცა ეს არ გააკეთა და მითხრა, თავად დამერეკა. ვურეკავდი ომარს, მაგრამ ტელეფონი გათიშული ჰქონდა. მაგდამ კი მითხრა, დავმშვიდებულიყავი, მერე შევიდა საპირფარეშოში და ტილო გარეცხა. ეს არ გამკვირვებია, იმიტომ, რომ საღამოობით ყოველთვის ალაგებდა სახლს. მოგვიანებით მაგდა კიდევ შემოვიდა ჩემთან და სარეცხ მანქანაში დივანის გადასაფარებელი შეაგდო გასარეცხად“, – აღნიშნა გარდაცვლილის დედამ.
ომარ ქაფიაშვილის დედის ინფორმაციით, ბოლოს, მაგდა პაპიძე მასთან დაახლოებით 12.00 საათზე შევიდა და როდესაც ჰკითხა, დაბრუნდნენ თუ არა ომარი და თორნიკე სახლში, უპასუხა, რომ ჯერ არ დაბრუნებულან.
„დაახლოებით 2 საათისთვის დავურეკე მაგდას, პირველ ზარზე არ მიპასუხა, მერე კი მიპასუხა და მითხრა, რომ ჩაეძინა, ასევე მითხრა, რომ მანქანით ვერსად ვერ გავიდოდა ახლა, რადგან პატრულის ეშინოდა. გამიკვირდა, რადგან სულ გადიოდა მანქანით, მიუხედავად იმისა, რომ მართვის მოწმობა არ ჰქონდა. როდესაც ვუთხარი, რომ მასთან ერთად წავიდოდი, ტელეფონი გამითიშა, 15 წუთში კი მომივიდა სმს-ი – „ცუც, მოდიან უკვე“. მეგონა, რომ უკვე დერეფანში იქნებოდნენ და გავედი გარეთ. მაგდა ამ დროს დერეფანში იყო და თითქოს რაღაცას წმენდდა. შემდეგ მითხრა, რომ ბენზინგასამართ სადგურთან უნდა დავხვდეო, წადი, დაწექიო. როდესაც ოთახში შევედი და წამოვწექი, გავიგონე მანქანის დაქოქვის ხმა. შემდეგ ეტყობა ჩამეძინა და გამაღვიძა კარზე ბრახუნის ხმამ. მაგდა ყვიროდა – მიშველე, ორივე დასისხლიანებული ყრიან გარეთო. გავედი გარეთ და ვნახე ომარი ძირს ეგდო, როცა ვიკითხე, რომ ბავშვი სად იყო, მაგდამ დამიყვირა, მანქანაში“, – განაცხადა დარეჯან მინდიკაურმა.
მისივე თქმით, როდესაც შვილიშვილი, თორნიკე ქაფიაშვილი მანქანიდან გადმოიყვანა, მისი ცხედარი მეზობელმა გამოართვა და ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა, თუმცა უშედეგოდ, რადგან ბავშვი, ისევე, როგორც ომარ ქაფიაშვილი, უკვე გარდაცვლილი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები