სასამართლოს გერმანელი და პოლონელი მოსამართლეები სტუმრობდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ნადარაიამ და ამავე სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარემ სერგო მეთოფიშვილმა დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარესა და ვროცლავის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს უმასპინძლეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის საოჯახო, სანივთო, შრომითი და ვალდებულებითი დავების განმხილველი მოსამართლეები ესწრებოდნენ.
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა სასამართლოს წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. კერძოდ, სხდომათა დარბაზების სიმცირე, სასამართლოსადმი მომართვის მზარდი საქმეთა ნაკადი, მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა და ა.შ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სასამართლოს დატვირთულობის განმუხტვის მიზნით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ერთად დაგეგმილია რიგი ღონისძიებები: იზრდება მოსამართლეთა რაოდენობა, დაგეგმილია სასამართლო შენობის გაფართოების მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის საფუძველზეც სასამართლოს სხდომათა დარბაზები და მოსამართლეთა სამუშაო ოთახები შეემატება, ხოლო საოჯახო დავების განმხილველი მოსამართლეები უახლოეს მომავალში საქმეებს ბულაჩაურის ქუჩაზე მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში განიხილავენ.
ვიზიტის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა, მედიაციის სასესიო ოთახები და ნაფიც მსაჯულთა სხდომათა დარბაზი. ასევე უშუალოდ გაეცნენ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და მიიღეს ინფორმაცია სასამართლო მედიაციის პროექტის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები