ნიკოლოზ მჟავანაძე: საკონსტიტუციო სასამართლო “ნაციონალებისა” და გვარამიას დაქვემდებარებაშია

“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმაურება.
როგორც მჟავანაძე აღნიშნავს, “ნაციონალური მოძარაობის” წარომადგენლები და მათი მხარდამჭერი ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარვეზებზე საუბრობენ და თვალს ხუჭავენ იმ გარემოებაზე, რომ სწორედ ამ სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლი – საკონსტიტიუციო სასამართლოს სახით პრაქტიკულად, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ საქვეუწყებო დაწესებულებად არის გადაქცეული. მისივე თქმით, ისინი ისე თავდაჯერებულნი არიან ამ სასამართლოს მათდამი ერთგულებაში, რომ აღარ დაგიდევენ თუნდაც მათ ფორმალურ რეპუტაციას, საკუთარ გამონათქვამებს კონტროლს ვეღარ უწევენ და პირდაპირ ლუსტრირებას ახდენენ”.
“2016 წლის 31 მაისს “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში გადაცემა „აქცენტებში“ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გვარამიამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს მათ რამდენიმე სარჩელს და სააპელაციო სასამართლო პროცესის დასრულებას ჩქარობს, რათა მას არ დაასწროს საკონსტიტუცო სასამართლომ და არ გააუქმოს ის ნორმები, რომელთა საფუძველზეც ეს დავა მიმდინარეობს. მან ასევე განაცხადა, რომ იმავე დღეს (31 მაისს) დადებული ვეტოს შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს სათანდო დრო აქვს, რომ მოაწყოს გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხზე (ანუ “რუსთავი 2”-ის პირველ სარჩელზე (სარეგისტრაციო #679), სადაც ითხოვენ მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგების თაობაზე ნომრის გაუქმებას – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი). სინამდვილეში, ამით გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოს განუსაზღვრა საკმაოდ შეზღუდული დრო, ვინაიდან ამ ვეტოს დაძლევა – არ დაძლევის საკითხი ლოგიკურად, ცხადია, საკმაოდ მოკლე ხანში უნდა გადაწყვეტილიყო.
ამის შემდეგ, მან საერთოდ უკვე პირდაპირ განაცხადა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მათ აქვთ სათადარიგო გზაც, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვაშია „რუსთავი 2“-ის მეორე სარჩელიც და აქ მან პრაქტიკულად სკანდალური აღიარება გააკეთა და პირდაპირ თქვა, რომ „იქ რეტრო აქტიურობის ნორმაც უქმდება“.
აქ საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოში “რუსთავი 2″-ის მეორე სარჩელზე (სარეგისტრაციო #678), სადაც ისინი ითხოვენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს მიენიჭოს უკუძალა წარსულ დროში და ის გახდეს ახლად აღმოჩენილი გარემოება საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-მუხლზეა საუბარი, რაც ახლად აღმომჩენ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას ითვალისწინებს), ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილება უნდა გახდეს საერთო სასამართლოების მიერ წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებათა გაუქმების, მათი გადასინჯვის და ახალი (უკვე, ცხადია, ძველისგან საპირისპირო) გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამით გვარამიამ თავისდაუნებურად განაცხადა, რომ მან იცის, რომ მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოში დაკმაყოფილდება მათი სარჩელი, ვინაიდან, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მისი განცხადებით, „იქ რეტრო აქტიურობის ნორმაც უქმდება“, ანუ სწორედ ის ნორმა, რაც ამჟამად არ ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებისთვის ძალის მინიჭებას წარსულ დროში”,- განაცხადა მჟავანაძემ “პირველ პრესკლუბში”.
მჟავანაძის განცხადებით, ნიკა გვარამიამ იცის, საკონსტიტუციო სასამართლო როდის და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
“2016 წლის 31 მაისსავე გვარამიამ სააგენტო „აიპრესთან“ განაცხადა, რომ იმ დღეს, ანუ 31 მაისის სხდომაზე სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა “რუსთავი 2”-ის ადვოკატების თხოვნა საქმის განხილვის ერთი კვირით გადადების თაობაზე და შემდეგი სხდომა გადადო 3 ივნისს და შემდეგ უკვე აღნიშნა: „როგორც ჩანს, ჩვენგან განსხვავებით იციან, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რაღაცას აპირებს და ცდილობენ, დაასწრონ, მარგამ მაინც არ გამოვა. ანუ აშკარაა, რომ გვარამიამ იცის, თუ საკონსტიტუციო სასამართლო როდის (აუცილებლად სააპელაციო სასამრთლოში საქმის განხილვის დასრულებამდე) და როგორ (რახან დასწრებაზე საუბრობს, ცხადია, იგულისხმება „რუსთავი 2“-სთვის სასარგებლო შედეგი) გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო.
და ბოლოს, დასკვნის სახით, საინტერესოა მოსარჩელე ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის (იურიდიული პირის სპეციფიკიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში სასამართლოში წარდგენილი სარჩელის სუბიექტი არის ტელეკომპანია „საქართველო“) ყველა კონსტიტუციური სარჩელი (675, 678, 679, 681, 720, 721, 726) განსახილველად დაეწერა საკონსტიტუციო სასამრთლოს ერთ კოლეგიას (გამონაკლისი იყო მხოლოდ 719 კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც იმის გამო, რომ გასაჩივრებული იყო „საქართველოს საკონსტიტუიცო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ნორმა, განიხილა სასამართლოს პლენუმმა). აღნიშული სარჩელებში სადავო იყო გამხდარი სხვადასხვა კანონში არსებული, ერთმანეთთან შინაარსობლივ კავშირში არ მყოფი სხვადასხვა ნორმა. ამ სარჩელებს ერთმანეთთან აერთიანებდა მხოლოდ ის, რომ მათი ავტორი წარმოადგენდა ერთსა და იმავე სუბიექტს, რაც მათი განსახილველად ერთი კოლეგიისათვის მიკუთვნების საფუძველი კი არ უნდა გამხდარიყო, არამედ პირიქით, როდესაც ერთი სუბიექტის სარჩელებს ყოველთვის განიხილავს ერთი კოლეგია, მიუხედავად იმისა, რომ რიგითობის მიხედვით ის მისი განსახილველი არ არის, ამან შეიძლება გააჩინოს ეჭვები როგორც საქმეთა განაწილების, ასევე საქმის გადაწყვეტის ობიექტურობასთან დაკავშირებით. ასეთი შემთხვევა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არაერთია. პრაქტიკულად, გამოდის, რომ კონკრეტული სუბიექტისთვის „პერსონალური“ კოლეგიაა გამოყოფილი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ექსკლუზიურად მის სარჩელებს იხილავს, რაც ასევე ძალიან ნიშანდობლივია, ასეთი საქმეები მართალია ნაწილდება „შემთხვევით“ მხოლოდ ერთ კოლეგიაზე, თუმცა იქაც, „რატომღაც“ კოლეგიის სამ წევრზე (მომხსენებელი მოსამართლეები არიან სასამრთლოს წევრები: კ. ვარძელაშვილი, ქ. ერემაძე  და მ. კოპალეიშვილი) და მეოთხე წევრს მ. ტურავას „რატომღაც“ არ ხვდება ასეთი საქმეები”,- აღნიშნა მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები