ნუკრი ქანთარია – დღეს შოკოლადის ფილა უფრო ძნელად იხსნება, ვიდრე პარტიები

დღეს შოკოლადის ფილა უფრო ძნელად იხსნება, ვიდრე პარტიები, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ საქართველოს წინასაარჩევნო პერიოდი. მისივე განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს მომავალში კიდევ სხვა პოლიტიკური პარტიების შექმნაც დაანონსდეს.
„ესეც დემოკრატიული პროცესია. ყველა ცდილობს, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს. შევხედავთ, ეს ვითარება ჩვენი ამომრჩევლის მოსაწესრიგებელია და ის ამას აუცილებლად გააკეთებს“,- განაცხადა ქანთარიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი „რუსთავი 2“-ის საქმესაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დღეს არის მცდელობა, არსებული ვითარება ხელისუფლებასა და „რუსთავი 2“-ს შორის დაპირისპირების ჭრილში იქნას განხილული, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. „რა თქმა უნდა, არის პრობლემები ყველა მიმართულებით. მაქსიმალური შტურმი მოდის, მაგალითად ავიღოთ „რუსთავი 2“, ყველანაირად სურთ, ისე გაასაღონ ეს საქმე, თითქოს ეს მთავრობისა და „რუსთავი 2“-ის ორთაბრძოლაა, არადა, სინამდვილეში, ეს არის კერძო სუბიექტებს შორის სიმართლის გაკრვევა და მთავრობას ეს ზედმეტი თავის ტკივილი არაფერში აწყობს“,- განაცხადა ქანთარიამ.
აღსანიშნავია, რომ “კვირას” პრეკლუბში სტუმრობისას, ქანთარია ამერიკის ელჩის, იან კელის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საუბრობდა და ხაზს უსვამდა როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის, ასევე პროცესების ობიექტურობის მნიშვნელობას.
„მსურს, გამოვეხმაურო ელჩის განცხადებას, ის, რაც ყველაზე მეტად უნდა ვისწავლოთ, არის ის, რომ სასამართლო არის ყველაზე დამოუკიდებელი და სულ ერთია, როდის მიიღებს ის გადაწყვეტილებას, არჩევნების წინ თუ არჩევნების შემდეგ და მის საქმეში ჩვენ არაფრით უნდა ჩავერიოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება და პროცესები მხოლოდ სამართლებრივი გზით წავა“, – განაცხადა ქანთარიამ.
შეკითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, თამარ სანიკიძე ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში იხილოს, ქანთარიამ განაცხადა, რომ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ ფლობს.
“იგი ჩვენს გუნდში რჩება, საარჩევნო სიაზე კი ლაპარაკი ჯერ არ ყოფილა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ის საკმაოდ აქტიური ქალბატონია. ჩვენ ვნახეთ მისი მონაწილეობა ბევრ მწვავე დებატში და მას შეუძლია, პრობლემურ სიტუაციებში თავი საკმაოდ პოზიტიურად წარმოაჩინოს “,- განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები