„ძვირფასო მთავრობავ, ბოლოს მეტროთი როდის იმგზავრე?“

ძვირფასო მთავრობავ, ბოლოს მეტროთი როდის იმგზავრე? – ამ სათაურით თსუ-ს საინიციატივო ჯგუფი სახელმწიფო კანცელარიასთან აქციებს იწყებს. ამის შესახებ სტუდენტები ინფორმაციას სოციალური ქსელით ავრცელებენ. ახალგაზრდები მთავრობის წარმომადგენლებს მეტროთი მგზავრობას და იმ ბავშვების ბედით დაინტერესებას სთხოვენ, რომლებიც ყოველდღიურად ვაგონებში მათხოვრობენ.

„ჩვენ სტუდენტები, ყოველ დღე ვმგზავრობთ მეტროთი, დავდივართ ცენტრალურ ქუჩებში და… ამ ქუჩებში ყოველდღიურად ათასობით ქუჩაში მომუშავე ბავშვია, რომელთაგან ზოგს მშობელი საერთოდ არ ჰყავს, ზოგს ჰყავს, მაგრამ სწორედ მათი იძულებით მუშაობენ წვიმაში, ქარში, ყინვაში და მცხუნვარე მზეში. ჩვენ – სტუდენტები კარგად ვიცნობთ ბავშვთა უფლებების კონვენციას და ვიცით, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება, ჰქონდეს სახლი, განათლების ხელმისაწვდომობა, უზრუნველყოფილი იყოს სათანადო პირობებით. ჩვენ ასევე კარგად ვიცით, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა ქუჩაში მომუშავე ბავშვების კეთილდღეობისათვის. როგორ ცდილობს, მოაგვაროს მათი პრობლემები. ჩვენ – სტუდენტები იმასაც კარგად ვხედავთ, თუ რამდენად უინტერესოა მთავრობისთვის ეს თემა! ამ ბავშვების პრობლემები დღითიდღე უარესდება. ბატონო მთავრობავ, ჩვენთვის თითოეული ბავშვის უფლება – იცხოვროს საკუთარ სახლში, მიიღოს განათლება, არ იყოს ძალადობის მსხვერპლი და არ ჰქონდეს საზრუნავი ყოველდღიურად, რას შეჭამს, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სოლოლაკში ახალი საბაგიროს აშენება, სასტუმროების და გასართობის კომპლექსების გამართვა და სხვა.

სწორედ ამიტომ ჩვენ – სტუდენტები 2014 წლის 4 აპრილს 12:00 საათზე ვიკრიბებით სახელმწიფო კანცელარიასთან, რათა კიდევ ერთხელ შევახსენოთ მთავრობას, რომ ქუჩაში მომუშავე ბავშვების არსებობა საქართველოს პრობლემაა და მოვუწოდოთ, ხშირად იმგზავრონ მეტროთი, რადგან იქ ეს ყველაფერი უფრო აშკარაა, ვიდრე კომფორტულ კაბინეტში. მათვის სოციალური სერვისების მიწოდებაა საჭირო, სერვისებს კი ამ სფეროში უფრო მეტი ინვესტიცია სჭირდება. სტუდენტებო, ორგანიზაციებო, კომპანიებო და უბრალოდ მოქალაქეებო, მოგიწოდებთ, გაიხსენოთ, ბოლოს როდის იმგზავრეთ მეტროთი, გაიაროთ რუსთაველზე, გაისეირნეთ სკვერში, გაანალიზოთ ამ ბავშვების ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის და შემოგვიერთდეთ!“ – ნათქვამია განცხადებაში.

Untitled

10152973_10152064436904779_943782306_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები