ჟურნალისტი ნუგზარ წიკლაურის ცემას ფანჯრიდან უყურებდა

ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი დეპუტატ ნუგზარ წილკარის ცემის ფაქტს შეესწრო. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ის ნუგზარ წიკლაურის მეზობლად ცხოვრობს და თავდასხმის ფაქტს ფანჯრიდან უყურებდა.

„ღამის სამი საათიდან ოთხის ნახევრამდე იქნებოდა. ახალი დაწოლილი ვიყავი და ოდნავ ჩათვლემილი… მეგონა, მესიზმრებოდა – კაცის ხრიალი, მოგუდული ხმით ყვირილი – “მიშველეთ” და გინების, ფურთხებისა და კიდევ რაღაც ხელსაწყოების ხმა. არ მახსოვს, რამდენ ხანს მეგონა სიზმარი. როცა მივხვდი, რომ ეს ხმები ეზოდან ისმოდა და ვიღაცას კლავდნენ, ფანჯრისკენ გავიქეცი. კორპუსის წინ მდგარ მანქანაში ვიღაცას ტენიდნენ ან, პირიქით, მანქანიდან გადმოთრევას ცდილობდნენ. ალბათ, პირველი, რადგან ის უძალიანდებოდა, როგორც შეეძლო. პირზე ხელს აფარებდნენ და სახეში ურტყამდნენ. ხელებში რაღაც ელექტროხელსაწყოები ეჭირათ, რომლებიც ცისფრად ანათებდნენ და რაღაც ხმებს გამოსცემდნენ. ყველას შავი ტანსაცმელი ეცვა და სახეებზეც ასეთი ქსოვილები ჰქონდათ აფარებული. ყვირილის გარდა რა შემეძლო… “ახლავე გაუშვით ხელი…, ახლავე! თორემ პოლიციაში დავრეკავ!” – ავყვირდი. რამდენიმე მანქანაში ჩაჯდა. ყვირილი გავაგრძელე და, რადგან სამზარეულოს ფანჯარასთან ვიყავი, იქვე მდგარი კარტოფილის პარკიდან დიდი კარტოფილებიც ამოვიღე, რომ, თუ არ გაუშვებდნენ, მანქანისთვის დამეყარა. მაგრამ ნელ-ნელა გაუშვეს.

ჩემს ყვირილზე სხვა ფანჯრებშიც აანთეს შუქი და სხვებიც ახმაურდნენ. მანქანა ჯერ ნელა წავიდა… ნაცემი მიწიდან წამოდგა და ფანჯრისკენ ამოიხედა: ნუგზარ წიკლაური ვარ! დარეკეთ პოლიციაში… მანქანა სწრაფად გავიდა ეზოდან. “ბატონო ნუგზარ, სახლში ადით!” – გადავძახე და ეზოში ჩასვლაც ვცადე, მაგრამ დედაჩემი აყვირდა… მეტი არაფერი ვიცი. მთელი ღამე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები იდგნენ კორპუსის წინ. პოლიციაშიც, ალბათ, თავად ნაცემმა წიკლაურმა დარეკა. თვითონ თუ აქვს, ალბათ, ისევ ილუზია მხსნელი პოლიციის შესახებ… მერე მთელი ღამე ვფიქრობდი – რა მნიშვნელობა აქვს, ვის მოკლავენ ცემაში: სანდრო გირგვლიანს თუ ნუგზარ წიკლაურს. ან ვინ რას იმსახურებს… ადამიანების სიკვდილამდე ცემა შავტანსაცმლიანების მიერ ისევ გრძელდება. ამას მიხურული ფანჯრებიდან უყურებენ ისევ ფანჯრებს აკრული ადამიანები… ამ ქვეყანაში წმინდა აღარაფერია, არც ყოფილა და უკვე ვიცი, რომ არასდროს იქნება. ვინმეს გიყვართ ასეთი საქართველო? გულწრფელად ვკითხულობ…“, – წერს ლია ტოკლიკიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები