თავდაცვის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანში იმყოფებოდა

 საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ დარჩიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაჰირ ჰასანოვთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გენერალ-ლეიტენანტ ჩინგიზ მამმადოვთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან არაზ აზიმოვთან.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონალურ უსაფრთხოებას, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და საერთაშორისო სტაბილურობის ოპერაციებში ქვეყნების ჩართულობის საკითხებს. თავდაცვის სამინისტროს დელეგაციაში იმყოფებოდნენ: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი და თავდაცვის მინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი იოსებ ჯიქია. შეხვედრებს ასევე, ესწრებოდნენ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი და სამხედრო ატაშე. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანის სამხედრო აკადემიას ეწვია. მათ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სიმულაციური ცენტრი და უფროს ოფიცერთა უმაღლესი კოლეჯიც მოინახულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები