თამარ სანიკიძე: გადავაბარებთ ყველაფერს საფუძვლიანად, რომ საერთო საქმე არ დაზიანდეს

განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლებას ლოგიკურს უწოდებს.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე თამარ სანიკიძემ განაცხადა, იწურება ოთხი წელი განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების გატარებიდან. ახლა მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი შეფასდეს, დაიგეგმოს ახალი მიმართულებები.
„ვფიქრობ, გონივრული გადაწყვეტილება იყო. გვაქვს მიზანი, გადავაბაროთ განხორციელებული პაკეტები ახალ მინისტრს და მასთან ერთად მოხდეს სისტემის სწორედ დანახვა.
ნებისმიერი ახალი მინისტრი ახალი რეფორმით და მიდგომით, იყო მხოლოდ სისტემის დამაზიანებელი. ჩვენ ამ საკითხზე ვისაუბრეთ, რომ სისტემა არ უნდა დაზიანდეს. მიმდინარე პროგრამები გაგრძელდება ჩვეულებრივ და რადიკალური გადაწყვეტილებები არ იქნება”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ. განათლების ყოფილი მინისტრი ამ დროისთვის არ საუბრობს, სად გააგრძელებს საქმიანობას. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა მიმდინარეობს ახალი მინისტრისთვის გადაბარების პროცესი და მის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია ამ პროცესის დასრულების შემდეგ ექნება.
„ძალიან ბევრი მიმდინარე საკითხია, რომელიც ეხება ახალ სასწავლო წელს, ასევე ამ პერიოდში მიმდინარეობს შესყიდვები. პირველ რიგში, ამაში ჩაერთვება ახალი მინისტრი, გადავაბარებთ ყველაფერს საფუძვლიანად, რომ საერთო საქმე არ დაზიანდეს. დარწმუნებული ვარ, არავითარი ხარვეზი ამ მიმართულებებით არ გვექნება. გადაბარების პროცესს დავასრულებთ და მექნება უფრო მეტი ინფორმაცია ჩემს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სანიკიძემ. რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, მის გადადგომასთან ხომ არ არის კავშირში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუშინდელი ინტერვიუ ჟურნალისტ სალომე ასათიანთან, რომლის დაც სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელია. სანიკიძის თქმით, ასეთი იდეა ჯანსაღი ადამიანის გონებაში არ უნდა იბადებოდეს. „ჯანსაღი ადამიანის გონებაში ასეთი იდეები არ უნდა იბადებოდეს. არანაირი კავშირი ამას არ აქვს“, – განაცხადა სანიკიძემ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. პრემიერის გადაწყვეტილებით, თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები