კახა კალაძე: ივანიშვილი მაქსიმალურად ამომწურავად პასუხობს ყველა კითხვას
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის შეფასებით, დასანანია, როდესაც ჟურნალისტი იწვევს რესპონდენტს და არ ვაძლევთ შესაძლებლობას, დასმულ კითხვაზე დავამთავრებინოთ პასუხი.
როგორც ვიცე-პრემიერმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა, მას ინტერვიუსთვის არ მოუსმენია, თუმცა სოციალურ ქსელში ნახა ის განწყობები, რაც ამასთან მიმართებაში იყო.
„გულწრფელად გეტყვით, ინტერვიუსთვის არ მომისმენია, თუმცა სოციალურ ქსელში როდესაც ვნახე, თუ რა განწყობები იყო ამ ინტერვიუსთან მიმართებაში, მივხვდი, თუ რა ფორმატით იყო ინტერვიუ წარმართული. სხვადასხვა მოსაზრება მოვისმინეთ ინტერვიუსთან დაკავშირებით, თუმცა დასანანია, როდესაც ჟურნალისტი იწვევს რესპონდენტს და არ ვაძლევთ შესაძლებლობას, დასმულ კითხვაზე დავამთავრებინოთ პასუხი და შემდეგ დავუსვათ კითხვა. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ხარვეზსა და პრობლემას წარმოადგენს, თუმცა როდესაც პოლემიკა იმართება, ეს ნორმალურია. მე ბატონი ივანიშვილის მხრიდან არაერთხელ მომისმენია განცხადებები, რომ ის ყოველთვის მზადაა, უპასუხოს ყველაზე მწვავე კითხვებსაც კი და თუ ჩვენ გადავხედავთ მის შეხვედრებს, აშკარად ჩანს, რომ ეს ადამიანი ყოველთვის მაქსიმალურად ამომწურავად პასუხობს ყველა კითხვას, რომელიც აწუხებს და რომელიც არის საზოგადეობაში”, – განაცხადა კალაძემ.
ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გუშინ გადაცემა ”ინტერვიუს” სტუმარი იყო. გადაცემა ივანიშვილსა და წამყვანს, ჟურნალისტ სალომე ასათიანს შორის კამათის ფონზე მიმდინარეობდა.