პრემიერი ევროპარლამენტარ ჰანეს სვობოდას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატთა პროგრესული ალიანსის ფრაქციის თავმჯდომარეს ჰანეს სვობოდას შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროცესებს. გამოითქვა იმედი, რომ ივნისში საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. პრემიერ-მინისტრმა სტუმარს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმა ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. შეხვედრას ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის ფრაქციის სპიკერი სელინ ბაიერი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, საქართველოს ვიცე–პრემიერი კახა კალაძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი დაესწრნენ.

„საუბრის ძირითადი თემები იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, საქართველოსა და ევროკავშირის შემდგომი დაახლოება, რეფორმები, გეოპოლიტიკური ვითარება. ჩვენთვის, ევროპელებისთვის საქართველო რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმების პროცესს ქვეყანაში და ეკონომიკურ-პოლიტიკური კავშირების გაძლიერებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის“,–განაცხადა ჰანეს სვობოდამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსი ევროპარლამენტის სიდიდით მეორე ფრაქციაა. იგი, ძირითადად, ევროპის სოციალისტთა პარტიის წევრებით არის დაკომპლექტებული და ევროკავშირის 27 ქვეყნის სოციალისტურ, სოციალ-დემოკრატიულ და მშრომელთა პარტიებს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები