ალექსი პეტრიაშვილი: ახლა რასაც დავწერ, ბოლომდე წაიკითხეთ!
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს ფეისბუქის პირად გვერდზე გამოეხმაურა.
როგორც სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, ხელისუფლებამ სწრაფად უნდა იპოვოს ძალადობის ჩამდენი და რეალურად დასაჯოს ის. ამასთან, მინისტრი ოპოზოციას მიმართავს, გამოვიდეს და ხელი შეუწყოს ვალერი გელაშვილის, კობა დავითაშვილის, ვიცე-სპიკერ ზურა აბაშიძის, გია გაჩეჩილაძის, 6 მაისის და 15 ივნისის სადისტური დარბევების ბრძანების გამცემების და შემსრულებლების დადგენის და დასჯის პროცესს!
“ახლა რასაც დავწერ, ბოლომდე წაიკითხეთ და დასკვნები და შეფასებები ისე გააკეთეთ:
მე, ალექსი პეტრიაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში კატეგორიულად ვგმობ და ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ ოპონენტებზე! რატომ?:
1) იმიტომ, რომ მწამს, როდესაც საერთაშორისო ფორუმებზე ვამბობ, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას,
2) იმიტომ, რომ მჯერა,როდესაც ვამბობ, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა ამაღლდა,
3) იმიტომ, რომ არ მინდა, ჩემს ოპონენტებს ჰქონდეთ საბაბი, მოსდონ მთელს მსოფლიოს, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორება,
4) იმიტომ, რომ არ მინდა შეიქმნას საშიში პრეცედენტი ლინჩის წესით გასამართლების და შემდეგ მავანთა მიერ ეს გაფორმდეს, როგორც ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის განადგურების კარგად დაგეგმილი და გააზრებული ქმედება, რასაც შეიძლება მოჰყვეს დესტაბილიზაცია და ა.შ.
ჩემი პრინციპულად ნეგატიური დამოკიდებულება ოპონენტების და კონკრეტულად დაზარალებულ პარლამენტარ ნ.წიკლაურის შეხედულებათა და ფასეულობათა სისტემის მიმართ არაერთხელ გამოიმიხატავს და ამაზე აღარ შევჩერდები. ბევრი ვერ შემეჯიბრებით ამ საქმეში. არც იმის მჯერა, სამი მანქანა სპეც. სამსახურების ხალხის ხელწერას ჰგავდეს გუშინდელი დანაშაული. გამწარებული ხალხის გაკეთებულს უნდა ჰგავდეს ეგ. არც არავისზე ნაკლები სიმწარე არ მინახავს არც ოპოზიციაში ყოფნის 4 წლის მანძილზე და არც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის განმავლობაშიც. მაგრამ! !!! გინდათ ისევ მივუბრუნდეთ იმ დროს, როდესაც ყოველ დღე ვასაფლავებდით ნაცნობებს და უცნობებს? მე არ მინდა! მითუმეტეს არ მინდა, ამას ჩემი შვილები მოესწრონ.
და ბოლოს! გამოსავალი აქედან ერთია, უფრო სწორად ორი ქმედება უნდა მოჰყვეს: ხელისუფლებამ სწრაფად უნდა ვიპოვოთ ძალადობის ჩამდენი და რეალურად დავსაჯოთ, ოპოზიციამ კიდევ კეთილი ინებოს, გამოვიდეს და ხელი შეუწყოს ვალერი გელაშვილის, კობა დავითაშვილის, ვიცე-სპიკერ ზურა აბაშიძის, გია გაჩეჩილაძის, 6 მაისის და 15 ივნისის სადისტური დარბევების ბრძანების გამცემების და შემსრულებლების დადგენის და დასჯის პროცესს! რაც მალე განერიდებით თქვენ თვითონ, მით მალე დავუსვამთ წერტილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არსებულ მძიმე საქმეებსაც. სანამ კიდევ გვიან არ არის, მითქვამს მე თქვენთვის“,- წერს ალექსი პეტრიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.