ზვიად ძიძიგური – „გერმანული მოდელი“ კარგია გერმანიისთვის, მაგრამ არა საქართველოსთვის

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „კონსერვატორი“ ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ „გერმანული მოდელი“, რომლითაც გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს საარჩევნო სისტემის ჩანაცვლება სურთ, კარგია გერმანიისთვის, თუმცა არა საქართველოსთვის, რადგანაც აქ ის სამთავრობო კრიზისს გამოიწვევს.
„გერმანული მოდელი საქართველოსთვის ცუდია, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მოდელის მიხედვით შეუძლებელი ხდება, ერთმა კონკრეტულმა პარტიამ მთავრობა დააკომპლექტოს. ეს მოსწონთ ოპოზიციურ პარტიებს. ჩემი აზრით, ამ კანონის პრობლემაც სწორედ ეს არის. დანარჩენზე, მის კონსტიტუციურობაზე და სამართლებრიც მხარეზე მე აღარ შევჩერდები. წარმოიდგინეთ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც ბარიერი გადალახეს და რომლებიც პარლამენტში შევიდნენ და ერთობლივად ცდილობენ, დააკომპლექტონ მთავრობა. ამ პარტიებიდან ზოგი ამბობს, რომ ნატოში და ვეროკავშირში ინტეგრაციაა საჭირო, ზოგი პირიქით, ზოგი კი საერთოდ სხვა რამეს ამბობს. ასეთი სხვადასხავა ტიპის საგარეო ორიენტირების მქონე პარტიებისგან მთავრობა როგორ უნდა დაკომპლექტდეს? ეს, რა თქმა უნდა, გაჭიანურდება და გამოიწვევს სამთავრობო კრიზისს ქვეყანაში. თუ ვინმე მეტყვის, რომ მერე რა, ბელგიასა და იტალიაში არის სამთავრობო კრიზისები და ჩვენთანაც თუ იქნება, არა უშავსო, მაშინ ვეტყვი, რომ ჯერ ბელგიისა და იტალიის დონემდე მივაღწიოთ როგორც ეკონომიკაში, ასევე დემოკრატიაში და პოლიტიკურ კულტურაში და ამის მერე ვილაპარაკოთ, რომ შესაძლებელია საქართველოშიც გაჭიანურდეს სამთავრობო კრიზისი, მაგრამ ქვეყანა არ დაზიანდეს-მეთქი“,- განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები