ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საჭიროება დღის წესრიგში არ დადგება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „კონსერვატორი“ ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონზე, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საჭიროება დღის წესრიგში არ დადგება. მისივე განცხადებით, პირველად მოხდა, როდესაც პრეზიდენტმა პარლამენტს, „შეჯერებული შენიშვნები“ გადაუგზავნა.
„ვიდრე პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონს, ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნა. იცით, რომ სერიოზული ხმაური მოჰყვა ამ კანონს, მათ შორის თვით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან და ოპოზიციური პარტიებისგანაც.
ვენეციის კომისიის დასკვნაში სამი ძირითადი შენიშვნა გამოიკვეთა, თუმცა დანარჩენებზე დადებითი რეცენზიები იყო. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ძალიან ბევრი ცვლილება შევიდა. ვენეციის კომისიის შენიშვნების გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საპარლამენტო უმრავლესობას შორის კონსულტაციები შედგა და ის შენიშვნები, რომლებსაც პრეზიდენტი პარლამენტში აგზავნის, ერთგვარი კონსენსუსის შედეგია. თუ იმ ვეტოების ჯაჭვს გადავხედავთ, რომელიც საქართველოში ჯერ სააკაშვილის, შემდეგ კი გიორგი მარგველაშვილის დროს იყო, დავინახავთ, რომ პირველად ხდება ის, რომ პირველად მოდის პრეზიდენტის შენიშვნების შეჯერებული ვარიანტი. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ვეტოს დაძლევის არავითარი აუცილებლობა და საჭიროება არ დადგება. ეს ყველაფერი იმიტომ გაკეთდა, რომ უფრო ლეგიტიმური ყოფილიყო ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ“,- განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები