ანდრეი კისკა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს შეხვდა

სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ და აქტიურ თანამშრომლობაზე და მეგობრობაზე ისაუბრეს. მათივე განმარტებით, არჩილ ხაბაძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა აჭარაში ჩასვლისთვის, ასევე იმ ორმხრივი ურთიერთობის ეფექტურობასა და შედეგებზე ესაუბრა, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მეგობარი ევროპის ქვეყნების რეგიონებთან აკავშირებს.
”სლოვაკეთისა და საქართველოს სხვადასხვა ფორმატით უკვე წარმატებული თანამშრომლობა და სლოვაკეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრანსფორმაციისა და ევროინტეგრაციის პროცესში. ასევე ხაზი გაესვა ბათუმში დაგეგმილი ბიზნესფორუმის მნიშვნელობას, რომლიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და გააქტიურებას. ადგილობრივ და სლოვაკელ ბიზნესმენებს B2B შეხვედრაზე ექნებათ შესაძლებლობა, ისაუბრონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, დაამყარონ საქმიანი კონტაქტები”, – აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.
დღესვე სლოვაკეთისა და საქართველოს პრეზიდენტები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, სასტუმრო ”ჰილტონში” ბიზნესფორუმს გახსნიან. პრეზიდენტები ასევე რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ბათუმის ბულვარში გაისეირნებენ. ანდრეი კისკას ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები