ზვიად ძიძიგური – გადამწყვეტი ბიძინა ივანიშვილის აქტიურობაა და არა მისი ფინანსური რესურსი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „კონსერვატორი“ ზვიად ძიძიგური, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს დადებითად აფასებს. შეკითხვაზე, თუ რა იგულისხმა მან, როდესაც თქვა, რომ მის რესურსს მაქსიმალურად გამოიყენებდა, რათა არ მომხდარიყო წარსულის დაბრუნება, ძიძიგურმა განაცხადა, რესურსში მან დრო და ენერგია იგულისხმა და არა ფინანსები.
ძიძიგურის განმარტებით, გადამწყვეტი სწორედ მისი აქტიურობაა და არა ფინანსები.
„ბიძინა ივანიშვილი წარსულში დაბრუნებას ნეგატიურად მოიხსენიებს. იქ, სადაც ილახებოდა ადამიანის დემოკრატიული უფლებები, დატერორებული იყო ბიზნესი, ვიცით, რა ხდებოდა პენიტენციალურ სისტემაში და როგორ იმართებოდა ქვეყანა – ყვაოდა ელიტური კორუფცია. ამას საქართველო არასდროს უნდა დაუბრუნდეს, და როდესაც ის ამბობს, რომ ის მთელს მის შესაძლებლობას გამოიყენებს იმისთვის, რომ ეს უკან არ დაბრუნდეს, ყველა ადამიანი, რომელსაც გული შესტკივა მის გაკეთებულ საქმეზე და ქვეყანაზე, იგივეს იტყოდა.
ვფიქრობ, რომ შესაძლებლობებში აქ მისი დრო, ენერგია და რესურსი იგულისხმება იმ თვალსაზრისით, რომ ის აპირებს აქტიურად იყოს ჩართული საარჩევნო კამპანიის აგიტაციის ნაწილშიც. მატერიალურ რესურსს რაც შეეხება, სწორედ მისი მატერიალური რესურსით იყო დაფინანსებული 2012 წლის არჩევნები და ის არჩევნებიც, რომელიც 2014 წელს იყო. მატერიალური რესურსი გადამწყვეტი არ არის. რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციას შესაძლოა, ჰქონდეს საარჩევნოდ ფული, მაგრამ არ ჰყავდეს ისეთი რეიტინგის მქონე ადამიანები, რომლებიც მას საარჩევნო ქულებს მოუტანენ. ამიტომ ძირითადი და გადამწყვეტი ბიძინა ივანიშვილის ჩართულობაა და არა ფინანსური ჩართულობა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები