„ვეფხისტყაოსანი“ ბულგარულ ენაზე გამოიცა

სოფიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, ბულგარულ ენაზე “ვეფხისტყაოსნის” გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სადღესასწაულო მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ბულგარეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ ბერიძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველო-ბულგარეთის ისტორიული მეგობრობის შესახებ და მადლობა გადაუხადა ბულგარეთის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა ბორისლავ კოსტოვმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბულგარეთის რესპუბლიკა მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ წარმატებულ რეფორმებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
მიღებაზე გაიმართა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანის” ბულგარულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია. გამოცემა მიეძღვნა შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს და დაიბეჭდა ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქართული სათვისტომოს ხელშეწყობით.
“ვეფხისტყაოსანი” ბულგარულ ენაზე თარგმნა სტოიან ბაკარჯიევმა. ღონისძიებაზე მოწვეული იყო ქართულ-ბულგარული დუეტი “ნაზარი და ნინო”, რომელთაც შეასრულეს საქართველოსა და ბულგარეთის სახელმწიფო ჰიმნები და რამდენიმე ქართული სიმღერა. მიღებას დაესწრნენ: სრულიად ბულგარეთის პატრიარქი და სოფიის მიტროპოლიტი, მისი უწმინდესობა ნეოფიტე, ბულგარეთ-საქართველოს მეგობართა საპარლამენტო ჯგუფის წევრები, ბულგარეთის სხვადასხვა სამინისტროს, პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, გაერთიანებული შტაბის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბიზნესის, მასმედიისა და ბულგარეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ბულგარეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები