გიორგი ვაშაძემ „ახალი საქართველოს“ ბრენდის პრეზენტაცია გამართა

გიორგი ვაშაძემ ახალი ტიპის პოლიტიკური ძალის, სამოქალაქო პლატფორმის „ახალი საქართველოს“ ბრენდის პრეზენტაცია გამართა. ბრენდი შეიქმნა უკრაინელ მარკეტოლოგ, ბრენდინგსააგენტოს Fedoriv-ის დამფუძნებელთან, ანდრეი ფედორივთან თანამშრომლობით.
როგორც გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ახალი ტიპის პოლიტიკური ძალა ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის.
„საქართველო დაიღალა სტანდარტული პოლიტიკოსებით და სტანდარტული პოლიტიკით. ამაშია ჩვენი ქვეყნის უბედურება. არის მხოლოდ კინკლაობა და ერთმანეთთან დაპირისპირება, საქმე კი არ კეთდება. ჩვენ შევქმენით სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“. იმ ადამიანებს, ვინც დღეს აქ არიან, არ ვიცნობდი რამდენიმე დღის წინ, თუმცა, ხედავთ, დღეს რამდენნი ვართ. ჩვენი მთავარი განმასხვავებელი პრინციპია, რომ ყველას გვაქვს თითო ხმა, შიდა დემოკრატიით ვიწყებთ, რომ ქვეყანა შემდგომ დემოკრატიულად ვმართოთ.
კარი გახსნილია ყველა განათლებული ადამიანისთვის, რათა ძალიან მარტივად და ძალიან სწრაფად ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ. ეს სახელი კი შეიქმნა ინტერნეტგამოკითხვით, ლოგოც უმარტივესი და საინტერესოა. ვიწყებთ ახალი ფურცლიდან, მაგრამ ვიწყებთ იმისთვის, რომ ქვეყანა დადგეს ფეხზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, „ახალი საქართველოს“ დაფუძნების ღონისძიება კვირას, 5 ივნისს, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ გაიმართება. „ყველას შეუძლია მოვიდეს და იქნება „ახალი საქართველოს“ რეგისტრაციის პროცედურა. ხედავთ, რომ ოთახებიც გამჭვირვალეა, არ მაქვს კაბინეტი, მაქსიმალურად გამჭვირვალეები ვართ“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები