ეკა ბესელია: სახელისუფლებო გუნდი პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ შენიშვნებზე მსჯელობისთვის მზად არის

სახელისუფლებო გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებულ კანონზე პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ შენიშვნებზე მსჯელობისთვის მზად არის. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ იმ სამ საკითხზე, რაზეც, ძირითადად, უთანხმოება არსებობს, შესაძლებელია პოზიციების შეჯერება და შეთანხმება.
„ჩვენ შევძელით, რომ პოზიციები დაგვეახლოებინა და კონსულტაციის შედეგად შევჯერებულიყავით ძირითად საკითხებზე. პრეზიდენტის წარმომადგენლებიც იზიარებენ იმ ძირითადი შენიშვნების დიდ ნაწილს, რომელიც არის კანონში შესული. ხოლო იმ კონკრეტულ სამ საკითხზეც ჩვენ პოზიციები შევაჯერეთ. დანარჩენი იქნება პარლამენტში კოლეგებთან ერთად გასაზიარებელი და საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ პლენარულ სხდომაზე. ანუ იმ სამ საკითხზე, რაზეც არის, ძირითადად, უთანხმოება, შესაძლებელია პოზიციების შეჯერება და შეთანხმება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პრეზიდენტმა “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენიშვნები გაითვალისწინა. პრეზიდენტმა კანონპროექტზე ვეტოს დადების მიზეზები განმარტა და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი შენიშვნებს გაითვალისწინებს. პრეზიდენტის შენიშვნები ეხება სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების კვორუმის საკითხებს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ათწლიანი ვადის სრულფასოვნად ფუნქციონირებას. „იმედი მაქვს, რომ ჩვენი პოზიციები იქნება გაზიარებული და პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები