ლევან ღირსიაშვილი ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა.
შეხვედრას საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბილანიშვილი, ამავე დეპარტამენტის მრჩეველი მარიამ ჭუმბაძე, მაღალი დონის ექსპერტები ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში – ვლად ნიკულესკუ, გრაზვიდას იასუტისი, კახა გოგოლაშვილი და ექსპერტი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ჰანს იურგენ ზახორკა ესწრებოდნენ.
ლევან ღირსიაშვილმა ექსპერტთა ჯგუფს გააცნო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ფუნქციები, ასევე ის სტრატეგიული საკითხები, რაზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა.
საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP)-ის მიმართულებით საბჭოს მიერ განხორციელებული აქტივობები და ამ სფეროში სახელმწიფო უწყებებს შორის ფუნქციათა გადანაწილების სქემა.
ევროკავშირის ექსპერტები ასევე შეხვდნენ ევროკავშირის საერთაშორისო მისიებსა და შესაბამის აქტივობებში საქართველოს ჩართულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე უწყებათშორის ჯგუფს, რომელსაც კოორდინაციას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უწევს. აღნიშნულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ყველა სახელმწიფო უწყება, რომელიც აქტიურად მუშაობს ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP)-ის საკითხების განვითარებაზე საქართველოში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები