გიორგი კვირიკაშვილი: კატეგორიულად მიუღებელია ის შეურაცხყოფა, რომელსაც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ინსტიტუციებს აყენებს

„მე ვემხრობი, რომ „რუსთავი 2“ დარჩეს ისეთად, როგორიც არის და ჰყავდეს დირქტორი ნიკოლოზ გვარამია, არავითარ საშიშროებას ჩვენთვის ეს არ წარმოადგენს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკშვილმა ჟურნალისტებს საფრანგეთში ვიზიტისას განუცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, სასამართლო იხილავს საკუთრების საკითხს და მთავრობის ჩარევის არანაირი უფლება არ აქვს.
„მე არაერთხელ გამოვთქვი ჩემი სურვილი – არ ვისურვებდი, რომ მეხილა „რუსთავი 2“ შეცვლილი და მიმეცა ამითი ვინმესთვის რაიმე სპეკულირების საშუალება, მით უმეტეს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, წინასაარჩევნო პერიოდში. სასამართლო არის სასამართლო, ის იხილავს საკუთრების საკითხს, ეს არის სამოქალაქო პროცესი. ჩვენ აქ ჩარევის არანაირი უფლება არ გაგვაჩნია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვადასტურებ – ჩემი სურვილია, რომ სალაპარაკო ამითი არავის არ მიეცეს. რამდენად მოხდება რაიმე ცვლილება ან არ მოხდება, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. შემიძლია, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ – შეიძლება მქონდეს წყენაც, პრეტენზიაც, ეს ადამიანურია, რომ ხანდახან წარმატება არ წარმოჩინდება, ხანდახან მხოლოდ უარყოფითის გაშუქება ხდება, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა დემოკრატიისთვის. მე არანაირი პრეტენზია არ შეიძლება კერძო ტელვიზიის მიმართ მქონდეს, როგორც პრემიერ-მინისტრს”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის შეურაცხყოფა, რომელსაც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ინსტიტუციებს აყენებს.
“იმაზე აღარ ვლაპარაკობ, პრემიერ-მინისტრის მისამართით რასაც ამბობს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და ყველაფერი შეიძლება, მაგრამ, მეორე მხრივ, მოსახლეობა ამას უყურებს, რომ ადამიანი, რომელსაც ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს ასეთი ჰონორი საუბრის, დღეს, სამწუხაროდ, ასე საუბრობს, ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ ყველაფრის, რაც 2007 წელს ხდებოდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვემხრობი, რომ „რუსთავი 2“ დარჩეს ისეთად, როგორიც არის, „რუსთავი 2“-ს ჰყავდეს დირქტორი ნიკოლოზ გვარამია, არავითარ საშიშროებას ჩვენთვის ეს არ წარმოადგენს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები