გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მის მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს
ნათლად გამოვლინდა, რომ ის, რაც ჩვენ გვაწუხებდა, აწუხებს ასევე ვენეციის კომისიასაც, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პარლამენტი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონთან დაკავშირებულ მოტივირებულ შენიშვნებს გაიზიარებს.
„როგორც ვიცით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროქტი, რომელიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ, როგორც კანონების განხილვის პროცესში, იმის შემდეგაც, რაც კანონები გადმოგვეგზავნა ხელმოსაწერად.
ჩვენი კითხვის ნიშნები ეხებოდა სასამართლოს ფუნქციონირებას. ეს კითხვები განვიხილეთ როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან და ვენეციის კომისიასთან. მადლობა ვენეციის კომისიას, რომ ერთი კვირის ვადაში მოხერხდა ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. ნათლად გამოვლინდა, რომ ის, რაც ჩვენ გვაწუხებდა, აწუხებს ასევე ვენეციის კომისიასაც და ვენეციის კომისიისთვის ის ფორმულირებები, რომელიც იყო კანონში დაფიქსირებული, მიუღებელი აღმოჩნდა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იმუშავა მოტივირებულ შენიშვნებზე.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში კონსტრუქციული მუშაობა განხორციელდა როგორც პრემიერ-მინისტრთან, ასევე უმრავლესობის საკანონდებლო გუნდთან და ამ მუშაობის შემდეგ პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გადაეგზავნება.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში გამომდინარე პრემიერ-მინისტრის ძალიან კონსტრუქციული პოზიციიდან, ჩვენ მოვახერხეთ და ეს მუშაობა განვახორციელეთ როგორც გიორგი კვირიკაშვილთან ასევე უმრავლესობის საკანონმდებლო გუნდთან. ამ მუშაობის შედეგად პარლამენტს გადაეგზავნება ის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც აქამდეც გამოსახავდა ჩვენს კითხვის ნიშნებს, ეს ეხება სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების კვორუმის საკითხებს, ასევე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა 10-წლიანი ვადის სრულფასოვად ფუნქციონირებას.
ეს შენიშვნები მომზადებულია და დღეს გადაეგზავნება პარლამენტს. მე მაქვს იმედი, ჩვენი პოზიციები იქნება გაზიარებული, პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს ვეტო დაადო.