გიორგი მარგველაშვილმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილმა ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე თქმით, კანონპროექტები პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დღეს გადაეგზავნება.
”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები პარლამენტმა 14 მაისს მიიღო, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5-წლის ვადით აირჩევს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ამავე წესით აირჩევს მის ორ მოადგილეს. სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის უფლება თავად საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება – თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით. კიდევ ერთი პრინციპული საკითხი იმ მოსამართლეებს შეეხებათ, რომელთაც კონსტიტუციური უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურებათ. სიახლეა ისიც, რომ 2/3-მდე იზრდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი. გარდა ამისა, მეორე მოსმენით მიღებულ ვარიანტში განისაზღვრა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში მისი სრულად გამოცხადებისა და სასამართლოს ვებ-გვერდზე ატვირთვის შემდეგ შევა. ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლების გამოყენების წინადადებით პრეზიდენტს ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორის ნაწილმა მიმართა. ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ გარკვეულ ცვლილებას არ იწონებს ვენეციის კომისიაც.