უფასო საეთერო დროით უკვე 11 პარტია ისარგებლებს
პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა უფასო საეთერო დროსთან დაკავშირებით მომზადებულ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ცვლილებების მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში უფასო საეთერო სარეკლამო დროით სარგებლობის უფლება იმ პარტიებს ექნებათ, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებდნენ. ამ დრომდე ამის შესაძლებლობა ხუთ პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდა, თუმცა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ პარტიების ცალკე სუბიექტად გასვლის შემდეგ, საეთერო დროით უკვე 11 პარტია ისარგებლებს.
ტელევიზიებისთვის საეთერო დროის ლიმიტი არ იზრდება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში საათში ხუთ წუთს, ხოლო ეროვნულ მაუწყებლებში ორ ნახევარ წუთს შეადგენს.
აღნიშნულს გადაწყვეტილებას აპროტესტებს „პატრიოტთა ალიანსი“ ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ და „ლეიბორისტული პარტია“. მათი თქმით, კოალიციის ყოფილი წევრი პარტიებისთვის უფასო საეთერო დროის გამოყოფა მათ ხარჯზე მოხდება და ეს დრო სწორედ მათ შეუმცირდებათ.