ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში საქართველოსადმი მხარდაჭერა დადასტურებულია
ნატოს წევრი 28 სახელმწიფოს 250-მდე პარლამენტარმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღო, სადაც ალიანსის წევრი სახელმწიფოს ლიდერებს მოუწოდებენ, ნატოში საქართველოს გაწევრიანებას კიდევ ერთხელ გამოუცხადონ მხარდაჭერა. ამის შესახებ საუბარია ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის შემდეგ მიღებულ შემაჯამებელ დეკლარაციაში.
„კანონმდებლები მიესალმებიან მონტენეგროს პროგრესს გაწევრიანების გზაზე და მოუწოდებენ ლიდერებს, კიდევ ერთხელ დაადასტურონ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივები“, – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტი ასევე შეიცავს ალიანსისადმი მოწოდებებს, გააძლიეროს კოლექტიური თავდაცვა, რათა შეძლოს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელიც სულ უფრო აგრესიული ხდება. დოკუმენტში ასამბლეის წევრები ნატოს მოუწოდებენ, დაადასტუროს, რომ შავი ზღვის რეგიონი ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტად რჩება, და ამ მხრივ გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდავეთთან.
დეკლარაციის თანახმად, ნატომ უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერ აგრესიას მოჰყვება სწრაფი პასუხი, ასევე დაამშვიდოს ის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ საფრთხე ემუქრებათ.
კანონმდებლები მოუწოდებენ ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს, ვარშავის სამიტზე ყოვლისმომცვლელი სტრატეგია მიიღონ ნატოს სამეზობლოში სტაბილურობის გასაძლიერებლად.
“ბოლო ორი წლის განმავლობაში სტრატეგიული გარემო მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისა და ყირიმის უკანონო ანექსიით, ასევე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის გაგრძელებით, რუსეთმა მოულოდნელად წერტილი დაუსვა მოკავშირეების 25-წლიან მცდელობას, დაამყარონ ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა”, – ნათქვამია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ალიანსს ასევე მოუწოდებენ, დაადასტურონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.