კახა კალაძე: კარგად ვიცი, რამხელა პასუხისმგებლობა აქვს აღებული ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისა და ხალხის წინაშე
ბიძინა ივანიშვილის ჩართვას საარჩევნო პროცესში ჩვენ -ყველა მივესალმებით. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა.
„მე ძალიან კარგად ვიცნობ ბატონ ბიძინას, ძალიან კარგად ვიცი, თუ რამდენი პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყნის, ხალხის წინაშე. როგორც მან 30 მაისის წერილში აღნიშნა, ყველა რესურსს გამოიყენებს ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარებისთვის. ამის დამადასტურებელი ფაქტებია ის მნიშვნელოვანი, მასშტაბური, საერთაშორისო პროექტები, რომლებიც ხორციელდება მისი დახმარებით. ეს დამატებითი სტიმულია ინვესტორებისთვის“,- აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურული პროექტი – რვა სასტუმროს მშენებლობა.
„ამ შემთხვევაში ინვესტორს უჩნდება უფრო მეტი ინტერესი, რომ საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს. საქართველოში ჩადებული თითოეული ცენტი არის მაქსიმალურად დაცული და ამის გარანტი არის მთავრობა. საქართველოში არასდროს დაბრუნდება ის წლები, როდესაც ბიზნესს ატერორებდა ხელისუფლება”,-აღნიშნა კახა კალაძემ.