პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა

ეროვნული უშიშროების საბჭომ საქართველოს პრეზიდენტს ცენტრალურ აფრიკაში ქართული კონტინგენტის გაზრდის რეკომენდაციით მიმართა. აღნიშნული რეკომენდაცია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, პრეზიდენტის მოწვევით გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს – ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადების, რეგიონული უსაფრთხოების და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში უსაფრთხოების გარემოს საკითხები.
„მოგეხსენებათ, რომ დღეს ცენტრალურ აფრიკაში გვყავს 5 სამხედრო მოსამსახურე და საუბარია, მათი რაოდენობის ოცეულით გაზრდაზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი გაიზიარებს პრეზიდენტის და ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციას”, – განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა.
ეროვნული უშიშროების საბჭომ ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან შექმნილ უსაფრთხოებაზეც იმსჯელა და მოისმინა შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენება. ეროვნული უშიშროების საბჭომ საგარეო საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრის და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების შემუშავების დავალება მისცა.
როგორც ირინე იმერლიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უშიშროების საბჭოზე მსჯელობა ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტსაც შეეხო. საქართველოს პრეზიდენტი ვარშავის სამიტზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება. „სამიტის ფარგლებში გაიმართება მინისტერიალები, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე თავდაცვის მინისტრის და, შესაბამისად, ამ საკითხებზეც იყო მსჯელობა”, – განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები