სლოვაკეთის პრეზიდენტი: მომავალი საპარლამენტო არჩევნები მორიგი ტესტია, რომელიც არ უნდა ჩააგდოთ

„საქართველო მზად არის ვიზალიბერალიზაციისთვის და არ არსებობს მიზეზი ყოყმანისა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ქართველებმა ეს სრულად დაიმსახურეს. ეს ასევე არის პასუხი მათთვის, ვისაც აქვს კითხვები და ცდილობს, არჩეული გზიდან გადაგახვევინონ. მაგრამ ნუ მიეცემით ნაადრევ კმაყოფილებას. თქვენ ძალიან გრძელი გზის დასაწყისში ხართ, რომელიც არ იქნება ადვილი. თქვენ არაერთი რამის დამტკიცება მოგიწევთ და მომავალი საპარლამენტო არჩევნები მორიგი ტესტია, რომელიც არ უნდა ჩააგდოთ“.
ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” განაცხადა, სადაც ლევან მიქელაძის ფონდმა, საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან ერთად, პროექტის – “ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში” პლენარული სესია გამართა.
სლოვაკეთის პრეზიდენტის თქმით, მისთვის შთამბეჭდავია ის ენთუზიაზმი, რომელიც საქართველოში არსებობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
„სლოვაკი ხალხისთვის სრულიად ნათელი იყო მიზანი – გავმხდარიყავით ევროკავშირის და ნატოს წევრი. ისევე, როგორც ყველა ახალგაზრდას, ჩვენც გვინდოდა, ეს გზა რაც შეიძლება სწრაფად გაგვევლო. ზოგიერთ ჩვენგანს ეგონა, რომ ამას 3-4 წელი დასჭირდებოდა, სხვებს 4 წელიც ძალიან დიდ დროდ ეჩვენებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არც 4 იყო და არც 8 – 12 წელი დაგვჭირდა. ჩვენ ვისწავლეთ, რომ არაპოპულარულია, მაგრამ საჭიროა რეფორმების გატარება სტანდარტების ასამაღლებლად. ჩვენ ასევე ვისწავლეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია არდანებება; რომ პოლიტიკოსი არ ეძიებდეს იაფფასიან პოპულისტურ გადაწყვეტილებას. შედეგად, დღეისთვის ჩვენი ეკონომიკური სარგებელი ევროკავშირის ბაზრიდან არის ისეთი მაღალი, როგორც არასდროს. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებამ მოგვიტანა უსაფრთხოება და სტაბილურობა”,- განაცხადა კისკამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები