ნოდარ ჯავახიშვილი: გარწმუნებთ, რომ ივანიშვილისადმი ნდობის ფაქტორი მეტია, ვიდრე ჩვენდამი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში გაიმარჯვებს.
ამასთანავე, მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრისას, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღია წერილსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად იღებს პასუხისმგებლობას, რათა ამომრჩეველს შეხვდეს და ესაუბროს იმაზე, რასაც საწინააღმდეგო ფერებში ხატავს „ნაციონალური მოძრაობა“.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება გამარჯვება.
„გარწმუნებთ, რომ მისდამი ნდობის ფაქტორი მეტია, ვიდრე ჩვენდამი“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
კითხვაზე, რა სტატუსით ჩაერთვება საარჩევნო პროცესში ექს-პრემიერი, ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც საქართველოს მოქალაქე და საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი.
„რაში სჭირდება ბიძინა ივანიშვილს სტატუსი? – საქართველოს მოქალაქე, თავის ქვეყანაზე შეყვარებული, რომელსაც უზარმაზარი ამაგი აქვს ზოგადად ქართული სახელმწიფოს, მისი ისტორიის თუ კულტურის ძეგლების აღდგენა-შენარჩუნების ნაწილში და ასევე იმაში, რომ დღეს ჩვენ ხელისუფლება გვქვია. გაიკითხეთ მოსახლეობაში, თუ ვინმე ეკითხება ბატონ ბიძინას, თქვენ რა თანამდებობა გაქვთო, თუ არ გაქვთ არ შეგხვდებითო, სტატუსი ძალიან ბევრ რიგ ადამიანს სჭირდება. დანარჩენ შემთხვევაში აქ პიროვნება მუშაობს და არა თანამდებობა“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები