ნოდარ ჯავახიშვილი: პოლიტიკიდან არავინ არასდროს მიდის სრულად

პოლიტიკიდან არავინ არასდროს მიდის სრულად ხოლმე, როგორც წესი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილის კომენტირებისას განაცხადა.
ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ადამიანებს ყოველთვის უნდათ გაცილებით მეტი, ვიდრე ამის გაკეთება კონკრეტულ ხელისუფლებას შეუძლია და ვიდრე საერთოდ თეორიულადაც შესაძლებელია.
„ფაქტია, რომ ადამიანებს ყოველთვის უნდათ გაცილებით მეტი, ვიდრე ამის გაკეთება კონკრეტულ ხელისუფლებას შეუძლია და ვიდრე საერთოდ თეორიულადაც შესაძლებელია. ვერ დამისახელებთ ქვეყანას, სადაც ყველაზე წარმატებული ხელისუფლებითაც კი მასა კმაყოფილია. ჩემზე კარგად ძნელად თუ ვინმე დაინახავს, რამდენი საქმეა გასაკეთებელი“, – განაცხადა ჯავახიშვილმა და ამის მაგალითად ერთ-ერთ სოფელში გზის არარსებობა დაასახელა.
მეორე მხრივ, ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, იგი ხედავს იმასაც, რომ ბევრი რამ კეთდება, მაგრამ როცა აფასებ, უფრო მეტი გეჩვენება გასაკეთებელი, ვიდრე გაკეთებული.
„ეს წინააღმდეგობა არ არის. ეს არის ერთი მხრიდან პოლიტიკოსის სწორი და ობიექტური შეფასება. მეორე მხრიდან ადამიანის გაცილებით უფრო საფუძვლიანი, მაგრამ გრძელვადიანი მოთხოვნილება, რომელიც სჭირდება, რომ დღესვე დაუკმაყოფილდეს“, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, რატომ გახდა აუცილებელი, რომ ოთხი წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ისევ გავიდეს ხალხში და რა მანდატი ექნება მას, ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ ყველა არჩევნების წინ მთელი მსოფლიოს სახელმწიფოების ხელისუფლება ანალოგიურად იქცევა.
„პოლიტიკიდან არავინ არასდროს მიდის სრულად ხოლმე, როგორც წესი. ის, რომ პოლიტიკიდან გადგა, რეალობაა. მიუხედავად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით, ინსინუაციები ისევ რჩება, მართლა გადგა. მე მივესალმები, თუ დაბრუნდება. გრძელვადიან პერსპექტივაში არჩევნების უფრო წარმატებულად ჩატარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბატონი ბიძინას დაბრუნება“, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები