“საქართველოს განვითარების და კეთილდღეობის ერთადერთი საფუძველი თავისუფლება, დემოკრატია და ტოლერანტობაა“

საქართველო უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დგას – ჩვენ თავიდან ვსწავლობთ დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრებას, ვეჩვევით დემოკრატიას და საბაზრო ეკონომიკას, ზოგადად, თავისუფლებას, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.
ექსპრემიერის თქმით, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს მართებულად შეფასება და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება, რომელიც გვაახლოებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას, თვითმყოფადობას, კეთილდღეობას და მსოფლიო პროგრესის პროცესში ჩართულობას.
“ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია მომავლის წინაშე და დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება სიფრთხილე, რათა არ დავუშვათ შეცდომა, რომელიც იმ ტირანიაში დაგვაბრუნებს, დიდი გაჭირვებით რომ დავაღწიეთ თავი. ამიტომ ვალდებულნი ვართ, ვუპასუხოთ დროის მოთხოვნებს, მართებულად შევაფასოთ მოვლენები და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, რათა წყალში არ ჩაგვეყაროს ის მიღწევები, რაც ამჟამად გვაქვს და რაც სამომავლოდ უკეთეს პერსპექტივას გვიპირდება.
მართებული კი მხოლოდ ის გადაწყვეტილებაა, რომელიც გვაახლოებს ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ მიზანს – თავისუფლებას, უსაფრთხოებას, თვითმყოფადობას, კეთილდღეობას და მსოფლიო პროგრესის პროცესში ჩართულობას!
ყველა ვხედავთ, როგორი დაძაბულობაა დღეს მთელ მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენს გარშემო – უახლოეს და არცთუ შორეულ სამეზობლოში. ულმობელი ტერაქტები, დაუსრულებელი საბრძოლო მოქმედებები, ეკონომიკური კრიზისი, რელიგიური კონფლიქტები და ცივილიზაციათა დაპირისპირება ის სახიფათო აისბერგებია, რომლებიც ჩვენს შორიახლო დაცურავენ და კატასტროფებით გვემუქრებიან. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ამ აისბერგებს შორის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოდ გატარება შევძელით და მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნეთ.
რამდენად მივაღწევთ მიზანს, დამოკიდებულია ორ ფაქტორზე – როგორი ტიპის სახელმწიფოს ავაშენებთ და რა საგარეო ორიენტირები ექნება ჩვენს ქვეყანას“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
წერილში ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის გამთლიანების შესაძლებლობებზე საუბრობს.
როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივა რეალური გახდება მხოლოდ და მხოლოდ მაღალ ღირებულებებზე დაფუძნებულ და ძლიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში.
“აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივა რეალური გახდება მხოლოდ და მხოლოდ მაღალ ღირებულებეზე დაფუძნებულ და ძლიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში, რომელიც მიმზიდველი და საინტერესო, უპირველესად, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისათვის უნდა იყოს.
ჩვენი სტრატეგიული კაპიტალია გეოპოლიტიკური მდებარეობა და კულტურათა მშვიდობიანად შეხვედრისა და ჰარმონიული თანაარსებობის გამოცდილება.
საქართველოს განვითარების და კეთილდღეობის ერთადერთი საფუძველი თავისუფლება, დემოკრატია და ტოლერანტობაა და ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ამ აქსიომას უნდა ეფუძნებოდეს!“- აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები