ივანიშვილი “ნაციონალების” მმართველობაზე: მოსახლეობა პატიმრების ჭირისუფლად იყო ქცეული და ციხის კარს შეჰყურებდა

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ტოტალური მოსმენები, თვალთვალი, ფარული გადაღებები, დასმენა და შანტაჟი ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ -მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.
როგორც ექსპრემიერი აღნიშნავს, ხელისუფლება სრულად აკონტროლებდა მედიას და ისიც ამბობდა და აჩვენებდა მხოლოდ იმას, რასაც კარნახობდნენ.
„ერთ დიდ ციხედ გადაქცეული მთელი ქვეყანა, ასეულობით ათასი პატიმარი და პრობაციონერი იმას ნიშნავდა, რომ ლამის მთელი მოსახლეობა პატიმრების ჭირისუფლად იყო ქცეული და ციხის კარს შეჰყურებდა. ტოტალური მოსმენები, თვალთვალი, ფარული გადაღებები, დასმენა და შანტაჟი ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა. ხელისუფლება სრულად აკონტროლებდა მედიას და ისიც ამბობდა და აჩვენებდა მხოლოდ იმას, რასაც კარნახობდნენ. ქვეყანას მძიმე ტვირთად აწვა ელიტური კორუფცია, ერთ პატარა ჯგუფს ყველაფრის უფლება ჰქონდა, დანარჩენს – არაფრის. ადამიანები დაშლილ ტელეფონებს მალავდნენ და საკუთარ ოჯახებშიც კი ჩურჩულით საუბრობდნენ. ვისაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას შეატყობდნენ, სამსახურებიდან აგდებდნენ, ქონებას ართმევდნენ, ცემდნენ, აპატიმრებდნენ, ციხეში სასტიკად აწამებდნენ და თუ საჭიროდ მიიჩნევდნენ, კლავდნენ კიდეც!
ორმაგი სტანდარტით მართავდნენ ქვეყანას – სინამდვილეში სულს ხდიდნენ ადამიანებს, სხვების დასანახად კი, დემოკრატიის შუქურად მოჰქონდათ თავი.
ამ უსამართლობასა და განუკითხაობას აგვირგვინებდნენ დაქირავებული მეხოტბეები, რომლებიც ტაშის კვრით ხელისგულებს იტყავებდნენ და ”მიშა, მიშას!” გაჰყვიროდნენ.
ძალაუფლებით გათავხედებული სააკაშვილის კლანი განუსაზღვრელი ვადით გეგმავდა ხელისუფლებაში დარჩენას. ისინი ღიად ქადაგებდნენ ქართველი კაცის ძირისძირობამდე გარდაქმნისა და რაღაც “ახალი ადამიანის” ჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ, რაც სინამდვილეში ადამიანებისთვის ტვინების გამორეცხვას და ყველაფრის მკადრებელ ზომბებად გაწვრთნას ნიშნავდა. ისინი არავის ინდობდნენ, ვისი ავტორიტეტიც ამ მიზნის განხორციელებაში ხელს უშლიდა და ამიტომ ებრძოდნენ ასე თავგამოდებით პატრიარქსაც და მთლიანად ეკლესიას.
უიმედობის გაჩენას ყველაზე მეტად ის უწყობდა ხელს, რომ არჩევნები ტოტალურად ყალბდებოდა, ხელისუფლება არავითარ მორიდებას და პასუხისმგებლობას აღარ გრძნობდა მოსახლეობის წინაშე“,-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები