ვახტანგ გომელაური: 2015 წლის 1-ლი აგვისტოდან დღემდე რადიაქტიური ნივთიერების ამოღების 4 ფაქტი დაფიქსირდა

2015 წლის 1-ლი აგვისტოდან დღემდე, საქართველოში რადიაქტიური ნივთიერების ამოღების 4 ფაქტი დაფიქსირდა, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ბრიტანეთიდან, ასევე აშშ-დან.
ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს ”ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგერესის” გახსნის შემდეგ განუცხადა.
”2015 წლის 1 აგვისტოდან დღევანდელ დღემდე, რადიაქტიური ნივთიერების ამოღების 4 ფაქტი იყო საქართველოში. აქდან ორ შემთხვევაში, ურანი მცირე რაოდენობით იყო გამდიდრებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი აშშ-ში ვიზიტისას, ამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ბრიტანეთიდან, ასევე აშშ-დან. რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხეები. გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც უკონტროლოა. ასევე იყო სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანისა და გასაღების ფაქტები და ჩვენ ეს ოთხივე ფაქტი აღვკვეთეთ. აქედან გამომდინარე, დღევანდელი კონგრესი ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
”ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგერესი”, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასპინძლობს სასტუმრო ”რედისონში” გაიხსნა.
კონგრესში მსოფლიოს 30 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ქბრბ სფეროს ექსპერტები და მეცნიერები მონაწილეობენ.
ღონისძიების გახსნას სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მთავრობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია რადიაქტიური ნივთიერების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ საჩვენებელი საველე ვარჯიშის მოწყობა.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოში პირველად 2014 წელს ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები