“არ არსებობს სფერო, რომელშიც ბევრად უკეთესი მდგომარეობა არ გვქონდეს, ვიდრე “ნაციონალების“ მმართველობისას იყო“

მოქალაქეები ეჩვევიან პოლიტიკურ თავისუფლებებს, მათ აღარ ეშინიათ საკუთარი კრიტიკული აზრის თუ უკმაყოფილების გამოხატვისა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.
„მოქალაქეები ეჩვევიან პოლიტიკურ თავისუფლებებს, მათ აღარ ეშინიათ საკუთარი კრიტიკული აზრის თუ უკმაყოფილების გამოხატვისა. ადამიანები შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით გაფიცვებსაც კი აწყობენ, რაც, დამეთანხმებით, ადრე წარმოუდგენელი იყო.
მთავრობამ რეალური ნაბიჯები გადადგა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით – გაფორმდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რითაც ქართველ მეწარმეებს ევროპის ხუთასმილიონიან ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა მიეცათ. გაიხსნა საქრთველოში პირველი ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი. მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენი მოქალაქეები ძალიან მალე ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ“, -აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
მისვე თქმით, საქართველოს დღეს გაცილებით მყარი და სტრატეგიულ ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობები აქვს პარტნიორ ქვეყანებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
„ყველა რეიტინგით და მაჩვენებლით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და არ არსებობს სფერო, რომელშიც ბევრად უკეთესი მდგომარეობა არ გვქონდეს, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას იყო.
მოკლე დროში მოვახერხეთ და ავტორიტარული ქვეყანა დემოკრატიის რელსებზე გადავიყვანეთ; შევქმენით საფუძველი, რომელსაც წარმატების მომტანი შემდგომი რეფორმები უნდა დაეფუძნოს.
ჩვენ მუდმივად ვეძებთ, რა შეიძლება გაკეთდეს ისეთი, რაც წაახალისებს ეკონომიკას და მთავრობის მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის. ამ მიზნით უკვე ჩავატარეთ შვიდი ეკონომიკური ფორუმი, სადაც მოწვეულები იყვნენ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან ასოცირებული ექსპერტებიც, თუმცა, მათგანაც ვერ მოვისმინეთ რაიმე შემოთავაზება, რეალურად კიდევ რისი გაკეთება შეეძლო მთავრობას და არ გააკეთა.
ნებისმიერი მთავრობის მუშაობა ფასდება რეალური შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენებით. ამ კრიტერიუმით საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურ შედეგს მიაღწია. ცხადია, 3-4 წელიწადში ის ვერ შეძლებდა იმის გაკეთებას, რასაც თხუთმეტი წელი სჭირდება, მაგრამ ნამდვილად მყარი საფუძველი მოამზადა მდგრადი განვითარებისთვის.
ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, ასე აფასებენ საქართველოს მთავრობას ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები“,-აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები