ვახტანგ გომელაური: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებული არ არის

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაკავებულია.
”თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეს ადამიანი დააკავეს. ჩვენც მივიღეთ ინფორმაცია ამის შესახებ, თუმცა, ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, დღევანდელ დღემდე ეს პირი დაკავებული არ არის. ვიცით, რომ გამოძიება დაწყებულია და ეს გალის შეხვედრაზეც დაგვიდასტურეს. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რაშიდ კანჯიოღლი დაკავებული არ არის”, – განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ გომელაურმა.
მისივე ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაკავებული იყო და შემდეგ სახლიდან გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს და ისე გაათავისუფლეს.
”როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის დაჰკითხეს. შემდეგ სახლიდან გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს და ისე გაათავისუფლეს”, – განაცხადა გომელაურმა.
ვახტანგ გომელაურმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე სუს-ის და შსს-ს თანამშრომლები იმყოფებოდნენ და შემთხვევის ადგილი დატოვეს.
”იქ არც ჩვენი და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ. ის არის ე.წ.ბუფერული ზონა. 30 მეტრია ე.წ. აფხაზურ ბლოკსაგუშაგოდან. საერთაშორისო დამკვირვებლები არ გვაძლევენ რეკომენდაციას იქ მოძრაობის თაობაზე, რათა საფრთხეები და რაიმე შემთხვევები თავიდან იქნას აცილებული”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები