ანდრეი კისკა: ჩამოვედი, რომ მხარი დაგიჭიროთ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე

ჩამოვედი, რომ მხარი დაგიჭიროთ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე,- ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ანდრეი კისკას თქმით, საქართველოს დედაქალაქის გარდა აპირებს ბათუმში ჩასვლას, სადაც, სლოვაკ ბიზნესმენებთან ერთად, ბიზნესფორუმს დაესწრება.
„საქართველოში გატარებული პირველივე საათების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, თან გამყვება უდიდესი შთაბეჭდილებები იმ რეალობის შესახებ, რაც აქ დამხვდა. მე ჩამოვედი იმისთვის, რომ იმპულსი მივცე ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას. ჩემთან ერთად ჩამოვიდა ბიზნესჯგუფი და ჩვენ შევისწავლით, როგორ დავეხმაროთ ორივე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. იმედი მაქვს, უამრავ პოზიტიურ სიურპრიზს შევთავაზებთ ჩვენს ქვეყნებს. ჩამოვედი, რომ მხარი დაგიჭიროთ თქვენ, თქვენს ხალხს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. მე ვიცი, რომ უამრავი პრობლემა გაგაჩნიათ ამ გზაზე, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროთ წინ. ჩვენი შეხვედრის დროსაც ხაზი გავუსვით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ნატოში გაწევრიანება გახდეს რეალობა. ჩვენ ზომით ფაქტობრივად ერთნაირი ქვეყნები ვართ. ჩვენი მშობლების თაობა ვერც კი იოცნებებდა იმაზე, რომ ჩვენ გავხდებოდით ნატოს წევრები, მაგრამ დღეს ეს რეალობაა და ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის პრეზიდენტიც ხდება. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს აძლევს საკმაოდ დიდ ძალას ამ გზაზე. ბევრი თქვენგანი წლების წინ, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმება მოხდებოდა. ამიტომ ეს არის ის ბილიკი, რომელზეც თქვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ივლით. ნატოს ბოლო სამიტის შემდეგ კი, ალბათ, ძალიან კარგი მოლოდინები უნდა გქონდეთ იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა ამ ორგანიზაციასთან. უამრავი რამ გაკეთდა, ჩატარდა სამხედრო წვრთნები და იმედი მაქვს, შემდეგ სამიტზე გაცილებით მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს თქვენი ქვეყანა“, – განაცხადა კისკამ.
მან ასევე ისაუბრა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გასატარებელ რეფორმებზე და აღნიშნა, რომ მუხედავად დასაწყისში არსებული სირთულეებისა, რეფორმებმა საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა სლოვაკეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები