ზვიად ძიძიგური: „გერმანული მოდელი“ ქვეყნისთვის ცუდი მოდელია

”გერმანული მოდელი” არ არის კარგი მოდელი, იგი ართულებს მთავრობის დაკომპლექტებას, რამაც შესაძლოა, სამთავრობო კრიზისი გამოიწვიოს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ზვიად ძიძიგურმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გერმანული მოდელი არ არის კარგი მოდელი. გერმანული მოდელი ხელს აძლევს ოპოზიციურ პარტიებს იმიტომ, რომ ეს არის სუსტ პარტიებზე მორგებული მოდელი. ის გერმანიაში 1946 წელს მიიღეს იმისთვის, რომ ფაშისტური ტიპის პარტიების მოსვლის თავიდან აცილება მომხდარიყო. ჩვენთან პრობლემური იქნება „გერმანული მოდელი“, ვინაიდან ამ მოდელის მიხედვით ძნელდება მთავრობის დაკომპლექტება. პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ დააკომპლექტოს მთავრობა და საქართველოში, სადაც არ არის იმის პოლიტიკური ტრადიცია, რომ რამდენიმე პარტიამ დააკომპლექტოს მთავრობა, შეიძლება მივიღოთ სამთავრობო კრიზისი. ამიტომ, ეს არის ქვეყნისთვის ცუდი მოდელი“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
რაც შეეხება პარლამენტში ამ მოდელის მხარდაჭერას, ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომ ”გერმანული მოდელის” მიღების ნაკლები ალბათობა არსებობს. ხოლო ეს ალბათობა კიდევ უფრო შემცირდა მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები