საპარლამენტო კომიტეტებმა საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებულ პროექტს მხარი არ დაუჭირეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული თვითმმართველობის კომიტეტებმა საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელს მხარი არ დაუჭირეს.
შესაბამისი პროექტის განხილვა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს გაიმართა.
”საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც ფრაქცია ”რესპუბლიკელების” მიერ არის ინიცირებული, ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ წარადგინა.
ე.წ. გერმანული მოდელი არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მანდატების განაწილების წესის შეცვლას ითვალისწინებს.
პროექტის მიხედვით, 77 დეპუტატი კვლავ პარტიული სიით, ხოლო 73 – მაჟორიტარული წესით აირჩევა, თუმცა აღნიშნული მოდელით, პოლიტიკური სუბიექტის მიერ პარლამენტში მანდატების მოპოვება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებს ის პროპორციული სისტემის შედეგად. ე.წ გერმანული მოდელის თანახმად, პარტია პარლამენტში იმ ადგილებზე მეტს ვერ დაიკავებს, რა პროცენტულ მაჩვენებელსაც არჩევნებში პარტიული სიით მიიღებს.
”გერმანული მოდელის“ მიხედვით, ყველა გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატი პარლამენტში ადგილს დაიკავებს, მიუხედავად იმისა, რა პროცენტული მაჩვენებელი აიღო პარტიამ პროპორციული წესით. თუ პროპორციული სისტემით პარტიამ უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აჩვენა, ვიდრე ის რაოდენობა, რაც მაჟორიტარების სახით შეიყვანა, პარტია ადგილებს პარტიული სიიდან შეავსებს.
პროექტის თანახმად, ხმების პროცენტის შესაბამისად მიღებული მანდატების რაოდენობის განსაზღვრისას გამოიყენება საარჩევნო კვოტის პრინციპი, ხოლო გაუნაწილებელი მანდატები განაწილდება უდიდესი ნაშთის მიხედვით.
ამასთან, წარმოდგენილი პროექტი არ ითვალისწინებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ კანდიდატების წარდგენას მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.
”რესპუბლიკელების” მიერ ინიცირებულ პროექტს საპარლამენტო ოპოზიცია მხარს უჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები