პარლამენტი საარჩევნო სისტემის ”გერმანული მოდელის” პროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტი საარჩევნო სისტემის ”გერმანული მოდელის” პროექტის განხილვას იწყებს. ”საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ფრაქცია ”რესპუბლიკელების” მიერ არის ინიცირებული, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განიხილავან.
ე.წ. გერმანული მოდელი არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მანდატების განაწილების წესის შეცვლას ითვალისწინებს.
პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, 77 დეპუტატი კვლავ პარტიული სიით, ხოლო 73 – მაჟორიტარული წესით აირჩევა, თუმცა აღნიშნული მოდელით, პოლიტიკური სუბიექტის მიერ პარლამენტში მანდატების მოპოვება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებს ის პროპორციული სისტემის შედეგად.
ე.წ გერმანული მოდელის თანახმად, პარტია პარლამენტში იმ ადგილებზე მეტს ვერ დაიკავებს, რა პროცენტულ მაჩვენებელსაც არჩევნებში პარტიული სიით მიიღებს.
”გერმანული მოდელის“ მიხედვით, ყველა გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატი პარლამენტში ადგილს დაიკავებს, მიუხედავად იმისა, რა პროცენტული მაჩვენებელი აიღო პარტიამ პროპორციული წესით.
თუ პროპორციული სისტემით პარტიამ უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აჩვენა, ვიდრე ის რაოდენობა, რაც მაჟორიტარების სახით შეიყვანა, პარტია ადგილებს პარტიული სიიდან შეავსებს.
პროექტის თანახმად, ხმების პროცენტის შესაბამისად მიღებული მანდატების რაოდენობის განსაზღვრისას გამოიყენება საარჩევნო კვოტის პრინციპი, ხოლო გაუნაწილებელი მანდატები განაწილდება უდიდესი ნაშთის მიხედვით. ასევე პროექტით, თუ პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა გადალახა საარჩევნო ზღურბლი, მაგრამ როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით 6-ზე ნაკლები მანდატი მოიპოვა, მას მიეკუთვნება დამატებითი მანდატები 6-მდე შესავსებად, რისთვისაც თითო მანდატი რიგრიგობით დააკლდებათ იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომელთა მანდატების რაოდენობაც სხვა სუბიექტების მანდატების რაოდენობაზე ნაკლები, მაგრამ 7-ზე მეტია. ამასთან, წარმოდგენილი პროექტი არ ითვალისწინებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ კანდიდატების წარდგენას მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. ”რესპუბლიკილების” მიერ ინიცირებულ პროექტს საპარლამენტო ოპოზიცია მხარს უჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები