2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების წლევანდელი ფორმატის პილოტირება იგეგმება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების წლევანდელი ფორმატის პილოტირებას გეგმავს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პილოტირებაში მონაწილეობას მიიღებს ამ პროცესისათვის დარეგისტრირებული 2 000-მდე აბიტურიენტი.
პილოტირება დღეს, N175 საჯარო სკოლაში ჩატარდება. მოეწყობა პროცესის სრული იმიტაცია, მონაწილეები ტესტირებაზე პირადი გვერდიდან ამობეჭდილი მოსაწვევით და პირადობის მოწმობით გამოცხადდებიან და სტანდარტული წესით გაივლიან რეგისტრაციას.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტესტირებისას აბიტურიენტები დავალებებს კომპიუტერის ეკრანზე მიიღებენ, პასუხებს კი ფურცელზე გასცემენ. ტესტირება ქართულ ენაზე ჩატარდება ორ საგანში – ზოგად უნარებსა და გეოგრაფიაში.
”პილოტირების მიზანი ახალი ფორმატით განსაზღვრული და აპრობაციისას გამოცდილი სიახლეების კიდევ ერთხელ, რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ რეჟიმში შემოწმებაა”, – განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
2016 წელს გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება – ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები