საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლის იუბილეს ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე აღნიშნავს.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ქვეყნის შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს.
ღონისძიებები გათვლილია ყველა ასაკის წარმომადგენელზე.
კერძოდ, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე გამოფენილი არის სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა.
ბავშვებს შესაძლებობა აქვთ, სამხედრო შინაარსის თამაშებში ჩაერთონ.
სპეციალურად მათთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების კონკრეტული ქვედანაყოფები წვრთნის და სხვა სამხედრო აქტივობების ადაპტირებულ გასართობი ხასიათის ვერსიებს წარმოადგენენ.
დაგეგმიალია ასევე ბრიტანელი და ქართველი სამხედროების საპარაშუტე შოუს მოწყობა.
ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებებისთვის მოწყობილია რაგბის, ფრენბურთის, კალათბურთის, ჭადრაკის და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო მოედნები, ასევე მოწყობილია AIRSOFT-ის სათამაშო მოედანი და სიმულაციური სასროლი.
თავდაცვის სამინისტრო გეგმავს გამართოს ფოტოსესიები და პანკისის ხეობის მცხოვრებ სტუდენტთა თექის ნამუშევრების გამოფენები, სპეციალურად გამოყოფილ ისტორიულ კუთხეში კი აგვისტოს ომის თემაზე გადაღებული ფოტოები არის გამოყოფილი, მოწყობილია ასევე იუნკერებისა და კადეტების ნახატების გამოფენა-გაყიდვა.
იგეგმება სამოქმედო კომპონენტის ამოქმედებაც, კერძოდ ექოსკოპიის კაბინეტის გახსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება და კონსულტაციის მიღება, ხოლო ლაბორატორიის კაბინეტში, ასევე ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება სისხლის ჯგუფისა და სისხლის შაქრის შემცველობის დადგენა.
თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, ღონისძიება შემაჯამებელი კონცერტით დაასრულოს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო ორკესტრები, თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი, საქართველოს ეროვნული ასამბლები და მუსიკალური ჯგუფები.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, 27 მაისის ღონისძიებები სამხედრო საქმის პოპულარიზაცია და ქართული ჯარსა და ქართველ საზოგადოებას შორის მეტი სიახლოვის მიღწევაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები