საჯარო სკოლების გამოსაშვებ გამოცდებზე 2900 მოსწავლე ჩაიჭრა

საჯარო სკოლებში მე-12 კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები გამოცდების შედეგების მიხედვით, ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 2900-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა, – ამის შესახებ „კვირას“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
როგორც „კვირას“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის პრესსამსახურში განუმარტეს, აღნიშნულმა მოსწავლეებმა სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ერთ-ერთ საგანში ბარიერი ვერ გადალახეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მოსწავლეების თითქმის 98%-მა ზღვარი წარმატებით გადალახა. საჯარო სკოლის გამოცდაზე არ გამოცხადდა დარეგისტრირებულთა დაახლოებით 2%, რაც ყოველწლიური სტანდარტული მაჩვენებელია.
რაც შეეხება, უცხოური ენის გამოცდას, დარეგისტრირებული 43 ათასამდე მოსწავლიდან, ყველა მათგანი გამოცხადდა, ზღვარი კი წარმატებით დაძლია მონაწილეთა დაახლოებით 85%-მა (ზღვრის გადასალახად მოსწავლეს დაახლოებით 15 ყველაზე მარტივ კითხვაზე უნდა გაეცა სწორი პასუხი).
ისტორიის გამოცდაზე 42 ათასამდე მოსწავლე გამოცხადდა, ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა 95%-ზე მეტმა. მათემატიკის გამოცდაზე კი, 42700-ზე მეტი მოსწავლე გამოცხადდა, მათგან ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა 86%-ზე მეტმა. გამოსაშვებ გამოცდაზე 47 000-მდე მოსწავლე იყო დარეგისტრირებული. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი, რეგისტრაცია 41 500- ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. აღნიშნულ მაჩვენებელს გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაჭრილი 2900-მდე მოსწავლე გამოაკლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები