პრეზიდენტმა „ამნესტი ინტერნეიშენალის“ გენერალურ მდივანთან უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტამბოლში, ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ გენერალურ მდივანს სალილ შეტისს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა ქვეყანაში უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელეს და განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე გაამახვილეს.
„ამ კუთხით პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ისაუბრა ხურჩის ინციდენტის შესახებ, როდესაც რუსულ ოკუპაციას კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა და უფრო მეტად გააძლიერა ადამიანთა უფლებების დაუცველობის განცდა აღნიშნულ ტერიტორიებზე. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ საჭიროა, უფრო მეტი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რათა უზრუნველყოფილი და დაცული იყოს ადამიანის უფლებები”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში კახა იმნაძე ესწრებოდნენ.