დიმიტრი ქუმსიშვილი: ამ ქვეყანაში ფიზიკური ძალადობა უნდა ისჯებოდეს

„ამ ქვეყანაში ფიზიკური ძალადობა უნდა ისჯებოდეს“ – ამ სიტყვებით გამოხატა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივისადმი მხარდაჭერა.
დიმიტრი ქუმსიშვილი გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას, ძალადობის გამოვლინებაზე სანქციების გამკაცრების შესახებ, დადებითად აფასებს და მიესალმება.
”აქ საუბარი არ არის მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ან არასაარჩევნო უბანზე. საუბარია იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ფიზიკური ძალადობა უნდა ისჯებოდეს, უნდა დამთავრდეს. ჩვენი კულტურიდან ერთმანეთის გალახვა უნდა ამოვიდეს, უნდა შეწყდეს, რადგან ეს არ არის კარგი. აქედან გამომდინარე, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ნამდვილად უნდა გამკაცრდეს სანქცია, რაც პრემიერის ინიციატივაა”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე, ჯგუფური დანაშაულის დროს სანქცია 4 წლამდე პატიმრობა იქნება, ხოლო თუ პირს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, – აღნიშნულს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.
ცვლილებების თანახმად, ”სისხლის სამართლის კოდექსს” დაემატება ახალი მუხლი, რომელიც, სისხლის სამართლებრივი წესით, დასჯადს გახდის ძალადობას, ან ძალადობის მუქარას საარჩევნო უბანზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან კამპანიის ადგილას, ან მათ მიმდებარედ.
მუხლი სხვადასხვა ნაწილისგან შედგება: ჯგუფური დანაშაულის დროს გათვალისწინებული იქნება ოთხ წლამდე პატიმრობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ცვლილების პროექტს საქართველოს მთავრობა 27 მაისის სხდომაზე განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები