საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს უმაღლესი კომისრის მოადგილეს ლტოლვილთა საკითხებში შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტამბოლში, ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში, გაერო-ს უმაღლესი კომისრის მოადგილეს ლტოლვილთა საკითხებში კელი კლემენსს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.
გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებით შეშფოთებულია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე განხორციელებული მკვლელობის გამო.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, სულ ახლახანს, ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მცდელობის მოწმენი გავხდით, რაც ანექსიამდე მიგვიყვანს. მხარეებს შორის საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.
მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჰუმანიტარულ პრობლემებზეც იმსჯელეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებს ჩამორთმეული აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, თავისუფალი გადაადგილების და სხვა ფუნდამენტური უფლებები.
შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფრალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები